“შოვში, არც ერთი ადამიანი, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, დახმარების გარეშე არ დარჩენილა” – გია ვოლსკი

157
spot_img

არც ერთი ადამიანი, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, დახმარების გარეშე არ დარჩენილა, ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი თემა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საქმის მასალებში მითითებულია, რომ შსს-მ შოვში ვერტმფრენის გაშვების გადაწყვეტილება მიღებული შეტყობინებებიდან 50 წუთის შემდეგ მიიღო.

ვოლსკის განცხადებით, იყო ამინდის პრობლემები და სახელმწიფო ვერტმფრენის ეკიპაჟის სიცოცხლეს უფრთხილდება.

ვოლსკი იქვე დასძენს, რომ დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია.

„ცდილობენ დეზინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, რომ ვერტმფრენის დროულად არჩასვლის გამო ადამიანი დაზარალდა, ან მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, ეს არ დასტურდება. ეს ყველამ კარგად იცის და მოიგონეს ახალი თემა, რომ გაფრენა დააგვიანეს. იყო ამინდის პრობლემები და გამონაკლისი არ არის ჩვენი სახელმწიფო, რომელიც ვერტმფრენის ეკიპაჟის სიცოცხლეს უფრთხილდება, რაც იმ პერიოდში აუცილებლად გასათვალისწინებელი იყო და მომავალშიც გასათვალისწინებელია. არანაირი შეყოვნება არ ყოფილა, შეგროვდა ტვირთი, შეგროვდა გუნდი და ვერტმფრენი აფრინდა და საკმაოდ სერიოზული სამუშაოც ჩაატარა მაშველთა გუნდმა. ვერტმფრენების მისვლამდე იქ, რა საკვირველია, მაშველები იმყოფებოდნენ”, – განაცხადა ვოლსკიმ.