პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა შოვის სტიქიაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ოპოზიციის მოუმწიფებლობას ნიშნავს და ამით მათ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება უნდა მხოლოდ.
„ყველა ინფორმაცია, თუ რაიმე საინტერესოა ვინმესთვის პარლამენტში, არის საჯარო, მეც მოგახსენეთ ბევრი ასეთი ინფორმაცია და ამ დღეები ქვეყნდებოდა კიდეც. პარლამენტის წევრებს რაიმე პრობლემა რომ ჰქონდეთ, ეს ინფორმაცია მიიღონ საჯარო წყაროებიდან, დეპუტატის შეკითხვის საფუძველზე თუ ა.შ. არანაირი პრობლემა არ არის. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ოპოზიციის მოუმწიფებლობას. ვხედავთ, რომ როგორც კი ნახავენ რაღაც თემას, რომელზეც ფიქრობენ რომ შეუძლიათ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება, ეგრევე აყენებენ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. შემდეგ ავიწყდებათ ხოლმე ეს იდეა. არასერიოზულია. თქვან, რა ინფორმაცია არ აქვთ და სჭირდებათ და სადეპუტატო შეკითხვით იქნება თუ სხვანაირად, ამ ინფორმაციას მიიღებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.