საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში დღეს დილიდან ინტენსიურ რეჟიმში განახლდა სტიქიის სალიკვიდაციო და გზის წმენდის სამუშაოები.
ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. ამ ეტაპზე, 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს და დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება. ასევე, იწყება დროებითი ხიდის აღდგენის სამუშაოებიც.
გუშინ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დამატებით ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეტაპობრივად მოგაწვდით.