“შეურიგებელნი ვართ და ყველა ნაბიჯს ვგმობთ, რომელიც არ არის შესაბამისობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან”

23
spot_img

შეურიგებელნი ვართ და ყველა ნაბიჯს ვგმობთ, რომელიც არ არის შესაბამისობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმებაზე დაუსვეს კითხვა.

„ნებისმიერი შეუთავსებელი აქტი საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია. ეს ყველასთვის მკაფიოდ გასაგებია და ცნობილია. არ მგონია, რომ ამ პროცესის ბევრჯერ დაგმობით არსი იცვლებოდეს. პოზიცია ცნობილია და არ მგონია, ბევრჯერ თქმა სჭირდებოდეს პოზიციის მკაფიოდ გამოხატვას, თუმცა, სადაც და რამდენადაც შესაძლებელია, ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რათა ეს პოზიცია ისე იყოს დაფიქსირებული, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ რჩებოდეს. არავის უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რაიმე ინტერპრეტაცია მოახდინოს საქართველოს ხელისუფლების პოზიციის, რაც არის აბსოლუტურად ურყევი. საქართველოს ხელისუფლებას მყარი პოზიცია აქვს – შეურიგებელი იქნება ოკუპაციასთან. გამიჭირდება ზუსტად ამოცნობა, ამ შემთხვევაში, რა არის მოტივატორი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების – ეს იქნება ოჩამჩირე თუ ნებისმიერი სხვა. რაც არ უნდა იყოს მოტივაცია, ნებისმიერი აქტი, რომელიც თავსებადი არ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, არის კანონგარეშე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაამტკიცა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება. გადაწყვეტილებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის 25-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია და მოსახლოების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის გაუქმებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ე.წ. პარლამენტის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში იმართებოდა საპროტესტო აქცია.