“შესაძლოა ნატოსკენ სწრაფვა სახიფათო და დიდი რისკის შემცველია, მაგრამ ალტერნატივა რა არის?!” – ვაჟა ბერიძე

567
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველამ იცის მიზეზი, რის გამოც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო.

„მგონი, ყველამ იცის მიზეზი. ერთ-ერთი კი იყო ნატო, ნატო-ს გაფართოება, ასევე ბევრი სხვა მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

ღარიბაშვილს ასევე ჰკითხეს, მიაჩნია თუ არა, რომ ნატო-ს გაფართოება იყო ომის დაწყების პროვოცირება. პრემიერმა კი განაცხადა, რომ ამ საკითხზე სპეკულირება არ სურს.

„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი. ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აღნიშნულ განცხადებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის განცხადებიდან გამომდინარე, საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოში გაწევრიანებაზე, რომ მომავალში უკრაინის ბედი არ გაიზიაროს.

აღნიშნულ საკითხს “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ მთავრობა თვლის რომ ნატოსკენ და ევროკავშირისკენ გზა ხიფათიანი და რისკიანია, უარი უნდა თქვას ამაზე და ეს ნათლად უნდა განაცხადონ.

“ჩვენი საზოგადოებისთვის ასე კალამბურებით საუბარი მიუღებელია. გაცხადებული კურსის პირობებში ვნახავთ ვინ არის პოტენციური მოკავშირე და გზაც გამოჩნდება. თუ ამას არ იტყვიან და ფორუმებზე მინიშნებებით პოზიციას დააფიქსირებენ, ეს არაფერს კარგს არ მოიტანს. რეალურად, შესაძლოა ნატოსკენ სწრაფვა სახიფათო და დიდი რისკის შემცველია, მაგრამ ალტერნატივა რა არის?! ნეიტრალიტეტი და ასეთი ჰიპოთეზური ვითარება ნაკლებად რეალისტური და ნაკლებად საფუძვლიანია. აქედან გამომდინარე ასეთი განცხადებები ქვეყანას არ წაადგება.

ვუბრუნდებით იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ორწევრიანი ამოცანა – ან ბიძინა, ან „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შეიცვალოს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენით და კონკურენტუნარიანი არჩევნების ორგანიზებით. სხვა შემთხვევაში საქართველოს ბევრი პრობლემა შეექმნება, რადგან რუსული, თურქული და აზერბაიჯანული დემოკრატიისთვის ჩვენი ქვეყანა მზად არ არის და შეიძლება ეს ყველაფერი უფრო დიდი კატასტროფით დამთავრდეს ვიდრე ახლანდელი ვითარებაა,”– განმარტა ჩვენთან საუბარში პოლიტოლოგმა.

მისი თქმით, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ სტრატეგიული პარტნიორები ღალატს არ პატიობენ მოკავშირეებს.

“მათ ჰყავდათ მოკავშირეები ავღანეთში და სხვა ქვეყნებში და ვხედავთ იქიდან მათი წასვლის შემდეგ რაც ხდება. შესაბამისად მეტი გონიერება გვმართებს, როგორც ჯერ კიდევ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობაში, ასევე, რუსეთთან მიმართებით, რომელთანაც ურთიერთობა, დიალოგი და დისკუსია, რაც უნდა ძნელი იყოს (მით უმეტეს პუტინის ბოლო განცხადებების გათვალისწინებით), აუცილებელია. რადგან ჩვენ ასეთი გეოპოლიტიკური რეალობა გვარგუნა განგებამ. ამიტომ, ამას ყველაფერს ანგარიშის გაწევა უნდა. “რუსეთთან ბაზარს დავხურავ, ფრენები და კონტაქტები აღარ მექნება” – ეს ბრიყვული და პრიმიტიული გამოსავალია. საზოგადოებამ თვითონ უნდა აწონ – დაწონოს ეს ყველაფერი. მარტო ივანიშვილსა და მის გუნდს, ასევე სააკაშვილსა და მის გუნდს არ ეხება ამ ქვეყნის ბედი და მომავალი. მათი პოზიცია, სტრატეგია და ტაქტიკა, მეტწილად დიდი ხიფათის შემცველია ქვეყნის მომავლისთვის,”– განაცხადა ვაჟა ბერიძემ.

 

/ ნინო ოთარაშვილი /