შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

154
spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება დამატებითი სესიების დასრულებასთან დაკავშირებით

2023 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შევიდა ცვლილება – ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტებს მიეცათ დამატებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ მათ საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება შემდეგი მიზეზების გამო:

ა) ჯანმრთელობის გაუარესების შედეგად გამოცდის დღეს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის გამო არანაკლებ 24 საათის განმავლობაში;

ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;

გ) დაუძლეველი ძალის გამო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ საგამოცდო  პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. ცენტრმა უკვე დაიწყო პირველადი შედეგების გამოცხადება.

გამოცდების და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარმოდგენილი იქნა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა ერთ-ერთი აბიტურიენტის დაშვება დამატებით გამოცდაზე. შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გამოცდების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა საგამოცდო წესისა და კანონის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნას და ათიათასობით აბიტურიენტს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.