ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება:
“ვერ გავიგე ვენეციის კომისიის. მოდით გვერდზე გადავდოთ საქართველოს საკითხი.
თუ შარშან უკრაინის კანონს ყველა მიესალმა, ახლა რატომ დაუწუნეს და რატომ ურჩიეს უკრაინას კანონის დაპაუზება იმ მოტივით, რომ ეს კანონი ვერ მოახდენს გავლენას სახელმწიფოს მზადყოფნაზე ებრძოლოს ამ პრობლემას.
რას ნიშნავს ეს?
დავუშვათ კანონი, რომელსაც ყველა ასეთი აღფრთოვანებით შეხვდა, არ ყოფილა ეფექტიანი. რა იქნება უკეთესი, საერთოდ არ იყოს კანონი, თუ მიიღონ ნაკლებეფექტიანი, რომელიც მეტ-ნაკლებად შეამცირებს ოლიგარქთა გავლენას სახელმწიფოზე?
შემთხვევით დასავლეთმა საფრთხე ხომ არ დაინახა ამ კანონის მიღებით?
საქართველოს რაც შეეხება, თურმე პირველი გადაგზავნის შემდეგ, გაითვალისწინეს ვენეციის კომისიის შენიშვნები და მეორედ იყო გადაგზავნილი.
ოპოზიციის კომენტარებისგან ვერაფერს გაიგებ. ამათ ყველაფერზე საპირისპირო პოზიცია აქვთ და ყველაფერს აუკუღმართებენ.
მართლა არ მესმის რატომ ურჩიეს უკრაინას უკვე მიღებული კანონის დაპაუზება, ხოლო საქართველოს, არ მიიღონ დეოლიგარქიზაციის კანონი.
როგორაა ევროპულ ქვეყნებში, მაგალითად იტალიაში, ან სხვაგან, ეს კანონი სხვა ქვეყნებთან ხომ არ მოდიოდა წინააღმდეგობაში?
თუ არა, მაშინ რატომ არ მოისურვეს თუნდაც ამ რეგულაციების დაწესება, ვის და რას უფუჭებდა?
ოპოზიციამ თქვა, პირდაპირ წერია დემოკრატიას უთხრის ძირსო. თუ კანონი უკრაინულიდანაა ნათარგმნი, ერთხელ ჩაასწორა ვენეციამ და შარშან ევროკავშირის ხელმძღვანელობასაც მოსწონდა და თავიდან აქაურ ე.წ. ოპოზიციასაც, ახლა გახდა ძირგამომთხრელი?
როცა ჩვენც და უკრაინასაც არ გვირჩიეს ეს კანონი, ე.ი. სტატუსის მონიჭებაზე ვერ უნდა იქონიოს გავლენა. ლოგიკურად ასეა.
თუ ვინმე კვალიფიციურად ამიხსნის, მადლობელი ვიქნები,”- წერს ამირან სალუქვაძე.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტზე საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა.
ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ კანონპროექტი არ იქნეს მიღებული, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლისთვის შეიმუშაოს მაკორექტირებელი, დამატებითი კანონები და ზომები.