“შემაშფოთებელია, რომ სახელმწიფოში დესტაბილიზაციის, არეულობის მოწყობის მცდელობა გრძელდება” – არცილ თალაკვაძე

206
spot_img

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ სახელმწიფოში დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობის მცდელობა გრძელდება.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ძალიან საყურადღებოა.

„წინა თვეების განმავლობაში არაერთმა ადამიანმა გააკეთა განცხადებები, რომლებიც ირიბად ადასტურებს ამ გამოძიებაში გამოთქმულ ვარაუდებს ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობასთან დაკავშირებით. მაგალითად, გვახსოვს, რადიკალური ოპოზიციის განცხადებები, როცა ისინი თავიანთ მოკავშირეებს არწმუნებდნენ, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და შემდეგ ეს უნდა გარდაიქმნას არეულობაში, რათა ამით ვინმემ არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში მოსვლა შეძლოს. ასეთი განცხადებები პირდაპირ ეთერშიც მოგვისმენია და რადიკალურ ოპოზიციას მხრები რატომ აქვს აჩეჩილი, არ ვიცი. სწორედ მათ ანგარიშზეა თავდასხმები სახელმწიფო ინსტიტუტებზე, როგორებიცაა პარლამენტი და ცესკო. გახსოვთ, რომ იქაც პირდაპირ იყო არეულობის, სახელმწიფოზე თავდასხმისა და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობები. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი, რომ ვინმემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში ეჭვი შეიტანოს. პირიქით, არსებობს ბევრი საჯარო ფაქტი, რაც გამოძიების დაწყებისთვის ლოგიკას ადასტურებს. ველოდებით, რომ უახლოეს პერიოდში გამოძიების ფარგლებში მეტი ინფორმაცია იქნება და საზოგადოება მეტს გაიგებს, რა გზებით და ვისი ორგანიზებით ხდება ასეთი მცდელობები. სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის, რაც დღეს შევიტყვეთ. ძალიან ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.