ჩინური კინოს ფესტივალი თბილისში

328
spot_img

თბილისი ჩინური კინოს ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი 17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიხსნა.

ჩინური კინოს ფესტივალს, საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინო ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ერთობლივად მასპინძლობს.

ეროვნული არქივის კინოდარბაზში, ფესტივალის გახსნის ცერემონიას 140-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი,ასვე ჩინეთის დელეგაცია.

საქართველოში ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის განცხადებით, ჩინური კინოფესტივალი, პირველი მასშტაბური,კულტურული ღონისძიებაა, რომელიც თბილისში ტარდება და არ ტარდება ონლაინ ფორმატში, Covid-19-ის პანდემიის შემდეგ.

“მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს ჩვენი მხარდაჭერისთვის. კინო, ქვეყნებს შორის კულტურების ამსახველია, იგი არის ხიდი ადამიანთა შორის კომუნიკაციისთვის . კინო, სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის გაცვლისა და შემეცნების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველო და ჩინეთიც უძველესი კულტურის მატარებელი ქვეყნებია. ორივე ქვეყნის კინოინდუსტრიას, ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ქართულმა ფილმებმა, მრავალჯერ მიიღეს მონაწილეობა შანხაისა და პეკინის კინოფესტივალებზე და ჯილდოებიც დაიმსახურეს. ბოლო 10 წელია, ჩინეთის კინოინდუსტრია, დიდი სისწრაფით ვითარდება. ჩვენი სერიალები, გასცდა ჩინეთის საზღვრებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს აზიისა და ამერიკის ინტერნეტ მედია პლატფორმებზე. ვიმედოვნებ რომ მომავალში საქართველო და ჩინეთი, უფრო მეტად ითანამშრომლებს: კინოსა და ტელევიზიის სფეროში, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს ხალხებს, ფილმების საშუალებით, კიდევ უფრო გაიღრმაონ ცოდნა, ერთმანეთს კულტურის შესახებ”-აცხადებს საქართველოში ჩინეთის ელჩი.

საქართველოში ჩინეთის ელჩის, ჭოუ ციენის თქმით, ჩინური კინოფესტივალისთვის 5 ფილმი შეირჩა, რომელთა შინაარსიც მდიდარი და მრავალფეროვანია.

ჩინური ფესტივალი, მხატვრული ფილმით- “სახლში დაბრუნება”გაიხსნა, ფილმის ჩვენებას მთავარი როლის შემსრულებელი ჭანგ ი დაესწრო.

ფილმი შექმნილია 2011 წლის ლიბიის მოვლენებზე დაყრდნობით. მასში ასახულია რეალური ისტორია და ჩინელი დიპლომატების ძალისხმევა ევაკუაციის პროცესში, რათა თანამემამულეები უსაფრთხოდ დაებრუნებინათ შინ.

“მხატვრული ფილმის გარდა წარმოდგენილი იქნება ანიმაციური ფილმი, რომელიც ჩინური კულტურის თავისებურებებს ასახავს. წარმოვადგენთ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გადაღებულ ფილმსაც ,რომელიც ჩინელი ხალხის, კაცობრიობის მომავლის შესახებ შეხედულებებზე გვიამბობს. ვუჩვენებთ ფილმს. ომის შესახებაც, რომელიც რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული”- განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა

 

ჩინეთის ელჩის განცხადებით, მიმდინარე წლის მარტში თვეში, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა წამოაყენა გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა, რომელიც მხარს უჭერს სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

“ივლისში პრეზიდენტი სი ძინპინი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, მხარეებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან კონსენსუსს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ, შექმნა პირობები ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და მიმოსვლის გააქტიურებაზე.
ჩინეთი, მზად არის გამოიყენოს კინოფესტივალი, როგორც შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ჩინეთსა და საქართველოს და ორ ხალხს შორის კულტურული ურთიერთგაგების ხელშეწყობას და ერთობლივად განახორციელოს გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა”- განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

კინოფესტივალის გამართვას მაღალ შეფასებას აძლევს ქართული მხარეც და მას მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებს.

კინოცენტრის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ბაჩო ოდიშარიას განცხადებით, ჩინეთის კინოს საზოგადოების წარმომადგენლები დაინტერესდნენ ქართულ მხარესთან თანამშრომლობით.

“გაღრმავდება კონტაქტები, ჩინური მხარე უკეთ გაიცნობს ქართულ კინოსა და კულტურას. შესაბამისად , ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე ქართული კულტურისთვის და მნიშვნელოვანი ძვრების მოლოდინშიც ვართ”- აცხადებს ბაჩო ოდიშარია.

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჩინური კინოს ფესტივალი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურის და და კინემატოგრაფიის სფეროში ურთიერთობის უფრო მეტად გაღრმავებას.

“ფესტივალი გაიხსნა ფილმით: “სახლში დაბრუნება“ მნიშვნელოვანია ,რომ ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ესტუმრა ჩინეთის კინო ასოციაციის დელეგაცია, რომელიც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თბილისში. შეხვედრა გაიმართება კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და სხვა და სხვა კინოსტუდიის წარმომადგენლებთან. სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ წარმოადგინოს ჩინური კინოფესტივალი და ხელი შეუწყოს საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის გაღრმავებას”- აცხადებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი.

ჩინური კინოს ფესტივალის ფარგლებში, ჩინური ფილმების ჩვენება, ეროვნული არქივის კინოთეატრში, 17-19 და 27 – 30 სექტემბერს, გაიმართება.

19 სექტემბერს, ფესტივალის ფარგლებში, კულტურის სამინისტროში გაიმართება სამუშაო შეხვედრა საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის წარმომადგენლებსა და ჩინეთის კინოადმინისტრაციის დელეგაციას შორის.