“შეგიძლიათ გაჰყვეთ თვითმფრინავს პირდაპირი რეისით მოსკოვში” – ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას

16
spot_img

რუსეთის სამსახურში ხართ, ამას ხედავს ქართველი ხალხი – შეგიძლიათ გაჰყვეთ თვითმფრინავს პირდაპირი რეისით მოსკოვში, – ასე მიმართა უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის გამოსვლას პარლამენტში ხმაური მოჰყვა. კერძოდ, უმრავლესობის წევრთა გაღიზიანება კორუფციის საკითხზე გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია. ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლება ხშირად საუბრობს ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა, რეალურად, „ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის მათი ჯიბეების ორნიშნა და სამნიშნა ეკონომიკური ზრდა“.

„პარლამენტი არ ახორციელებს არანაირ ზედამხედველობას, ზედამხედველობა არ არის მადლობებად დაღვრა მინისტრების მიმართ. ეს არის საკუთარი თანაგუნდელებისთვის მათ შორის, სიმართლის თქმა, როცა ქვეყანაში არის მძიმე პრობლემები. თქვენ გუნდს თავი მოაქვს, რომ კოვიდი მართეთ კარგად. 17 ათასი ადამიანი დაიღუპა ამ ქვეყანაში, რა კარგ მართვაზეა აქ საუბარი, საერთოდ ხმას როგორ იღებთ სწორ და კარგ მართვაზე?! მადლობა ექიმებს, მათი, ექთნების და სანიტრების შრომა რომ არ ყოფილიყო, საერთოდ სად იქნებოდა ეს ციფრი?! გაიხედეთ, რა ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ბრიტანეთის პარლამენტში მიმდინარეობს საპარლამენტო შესწავლა თუ როგორ იმართა კოვიდი. აქ რომ მოდიან მინისტრები ხშირად საუბრობენ ეკონომიკურ ზრდაზე, რა ეკონომიკურ ზრდაზეა საუბარი, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰკითხეთ გამდიდრდა თუ გაღარიბდა და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება. გუშინ დავბრუნდი ბათუმიდან, ნახევარი აჭარა თურქეთში გადადის ზეთის საყიდლად, ეს არის ეკონომიკური ზრდა ამ ქვეყანაში?! ქალები ყოველ დღე კვეთენ საზღვარს, რადგან მათთვის აქ არ არის ხელმისაწვდომი არანაირი დასაქმების შესაძლებლობა, სტუდენტები სეზონურად მუშაობენ, რომ სწავლის გადასახადი გადაიხადონ. არა, ცუდი არ არის, კარგია, როცა ადამიანები ცდილობენ, რომ ოჯახი არჩინონ, მაგრამ სახელმწიფო რას აკეთებს მათთვის?! სახელმწიფო არაფერს აკეთებს და ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის თქვენი ჯიბეების ორნიშნა და სამნიშნა ეკონომიკური ზრდა და არა საქართველოს მოქალაქეების გამდიდრება,“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

აღნიშნულ განცხადებას უმრავლესობის წევრების მხრიდან შემდეგი რეპლიკები მოჰყვა, რომ „საკუთარი ლიდერის კორუფციას მიხედოს“. საპასუხოდ, ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ სიმართლეა მწარეა, მაგრამ მოისმენენ.

„ნუ ღრიალებ მანდედან, მწარეა სიმართლე, მაგრამ მოისმენ. დამძიმებული ჩამოვედი ბათუმიდან, უკონტროლო კორუფციული კვარტლების მშენებლობები, რომელიც თქვენ დააკანონეთ ამნისტიით, სრულიად გაუაზრებელი კორუფციული ამნისტიით. ქალაქში გავლაა საჭირო, რომ დაინახოთ რა დამართეთ ბათუმს, ბაკურიანს, თბილისს და ა.შ. ესაა რეალობა. კი, არ გსიამოვნებთ, გასაგებია, მაგრამ მოქალაქეებს რა სჭირდებათ ესაა მთავარი და არა დავარცხნილი ტექსტები, რომ თურმე ყველაფერი კარგად არის,“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები მძიმე განცხადებებს აკეთებენ და ფაქტობრივად გადატრიალებისკენ მოწოდებას აჟღერებენ.

„რუსული კანონი – დღესაც გააჟღერეთ აქ, თურმე აპირებთ დააბრუნოთ – პირდაპირ დახვრეტა დააკანონეთ! პირდაპირ დააკანონეთ, რადგან ამისკენ ისწრაფვით, რომ ეს ადამიანები ფიზიკურად განდევნოთ ამ ქვეყნიდან, ადამიანები, რომლებზეც დგას ამ ქვეყნის დღევანდელი და ხვალინდელი დღე და დარჩით შემდეგ მარტო თქვენ, რომ კიდევ მეტი მოიპაროთ და გამდიდრდეთ, ეს არის თქვენი მთავარი ამოცანა. ძალიან მძიმე მესიჯი გააჟღერეთ ბატონო შალვა, არ ვიცი, რამ გათქმევინათ ეს. ფაქტობრივად გადატრიალებისკენ გააჟღერეთ მოწოდება – არა, ღმერთმა დაგვიფაროს. ამ ქვეყანას არ სჭირდება არც არეულობა, არც გადატრიალება, არც რევოლუცია. ამ ქვეყნის ინტერესებით ვხელმძღვანელობთ და იხელმძღვანელებს ყოველთვის „ლელო.“ ქვეყანას სჭირდება დემოკრატია, ფინანსური სტაბილურობა, განვითარების პერსპექტივა, ამიტომ ერთადერთი გზა ხელისუფლების ცვლილების ჩვენთვის, არის არჩევნები. თქვენმა ვიცე – სპიკერმა გააჟღერა, წამოსცდა, „ლელოს“ არ მივცემთ დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობასო. დიახ, რუსეთის სამსახურში ხართ, ამას ხედავს ქართველი ხალხი და ამას გადაწყვეტს არჩევნებზე. ესაა ქვეყნის ინტერესი და „ლელო“ იდგება იქ, სადაც არის ქვეყნის ინტერესი, თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ რუსულ ხელისუფლებასთან და გაჰყვეთ თვითმფრინავს პირდაპირი რეისით მოსკოვში,“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ნაცვლიშვილის თქმით, უმრავლესობის წევრები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ ოპოზიცია არ მუშაობს, რადგან სინამდვილეში პარლამენტი არ იხილავს მათ კანონპროექტებს და მათ ოპოზიცია „მხოლოდ გარნირად, საკუთარი დღის წესრიგის გამფორმებლად“ უნდათ.