“შეგეძლოთ საგამოძიებო კომისიის საკითხი ბიუროზე დაგეყენებინათ” – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას

78
spot_img

არსაიდან არაფრის ამოღება არ ხდება, ერთწლიანი დღის წესრიგი არ არსებობს და ბიურო ყოველ ჯერზე ახალ დღის წესრიგს ადგენს – რეგლამენტის და პროცედურების ცოდნა მნიშვნელოვანია და არანაირ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებთან საქმე არ გვაქვს,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგიდან სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ერთპიროვნულად ამოიღეს.

პაპუაშვილის განმარტებით, რეგლამენტის თანახმად ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, ამა თუ იმ საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე საკითხი ბიუროზე ან პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის დამტკიცებამდე დაეყენებინა.

„კვლავ უნდა მიგითითოთ პარლამენტის რეგლამენტზე, რომ 89-ე მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, პარლამენტის ბიურო და არა ვინმე ერთპიროვნულად, ადგენს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს. ბიურო გუშინ ჩატარდა. საკითხის დაყენება შეგეძლოთ ბიუროზე, თუ ფიქრობდით, რომ რაიმე საკითხი შესატანია. პარლამენტში ბევრი საკითხია, რომელიც მომწიფებული შეიძლება იყოს პლენარული სხდომისთვის, მაგრამ ყველა საკითხი დღის წესრიგში არ შედის. მაგალითისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების საკითხი კენჭსაყრელ საკითხებში ბიუროს 2 თვე არ შეჰქონდა და წინა კვირას დავამატეთ. თუ ვინმე მოისაკლისებს რაიმე საკითხს დღის წესრიგში, შეუძლია ეს საკითხი დააყენოს. გუშინ ოპოზიციიდან არავის გამოუყენებია ეს შესაძლებლობა. ამის შემდეგ, უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაქვთ შესაძლებლობა, დააყენოთ საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. სპეციალურად 3-წამიანი პაუზა გავაკეთე, სანამ დავამტკიცებდით პლენარული სხდომის დღის წესრიგს და გადმოგხედეთ, აპირებდა თუ არა ვინმე რაიმეს თქმას საკითხის დამატებაზე. არავისგან მქონდა ნიშანი, რომ ვინმეს რაიმეს თქმა სურდა. სანამ სხდომის დღის წესრიგს დავაყენებდით, შეგეძლოთ დაგეყენებინათ საკითხი, რომ ეს საკითხი შეგვეტანა დღის წესრიგში. მაგრამ არ დაგიყენებიათ, ისე დამტკიცდა დღის წესრიგი. ამიტომ ესეც დაგვიანებულია. რეგლამენტის და პროცედურების ცოდნა მნიშვნელოვანია და არანაირ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებთან საქმე არ გვაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.