თითოეულ თქვენგანზეა დღეს დამოკიდებული, როგორ შევა დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში – როგორც დღე, როდესაც კოლექტიური მონობით, ივანიშვილის დეპუტაციამ, გაყიდა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, თუ დღე, როდესაც თუნდაც რამდენიმე ადამიანის პერსონალურმა და პოლიტიკურმა გამბედაობამ ქვეყანა გადაჩეხას გადაარჩინა,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე არის ბოლო შესაძლებლობა უმრავლესობის თითოეული დეპუტატისთვის, რომ, ერთი მხრივ, თავი გადაირჩინოთ პერსონალური სანქციებისგან და მეორე მხრივ, ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს აარიდონ უდიდესი დარტყმა.
„დღეს დილით დავბრუნდი ბულგარეთიდან, სოფიადან, სადაც იმართებოდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო დეკლარაცია, სადაც კატეგორიულად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიოთ ე.წ. „აგენტების კანონი“. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ინიციატივით, ბიურომ, ასევე, მოუწოდა და შესაბამისად, ნატო-ს წევრმა ყველამ ქვეყანამ, ასევე, კატეგორიულად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს აღნიშნული კანონი. მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილის დეპუტაციას ან საერთოდ აღარ ხვდებიან საერთაშორისო პარტნიორები, ან ხვდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ გააფრთხილონ იმ მძიმე შედეგების შესახებ, რომელიც ელის ყველას, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას. დელეგაციის ხელმძღვანელის, ხატია წილოსანის სამარცხვინო და მოღალატეობრივ არგუმენტებს აღარავინ ისმენდა, თურმე როგორ აწყობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები რევოლუციას საქართველოში ორჯერ. დღეს პრეზიდენტი ზურაბიშვილის ვეტოს გათვალისწინება, არის კანონის გაწვევის უკანასკნელი შანსი. მე ამ დარბაზში, თუ მის მიღმა, იშვიათადღა მოგმართავთ ხოლმე ივანიშვილის დეპუტაციას, რადგან ვხედავ, რომ ქვეყნის ინტერესები ივანიშვილის მონობაში გაცვალეთ. მაგრამ უკანასკნელად მინდა მოგმართოთ დღეს – დღევანდელი დღე არის ბოლო შესაძლებლობა თითოეული თქვენგანისთვის, რომ, ერთი მხრივ, თავი გადაირჩინოთ პერსონალური სანქციებისგან და მეორე მხრივ, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს აარიდოთ უდიდესი დარტყმა. თითოეულ თქვენგანზეა დღეს დამოკიდებული, როგორ შევა დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში – როგორც დღე, როდესაც კოლექტიური მონობით ივანიშვილის დეპუტაციამ გაყიდა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, თუ დღე, როდესაც თუნდაც რამდენიმე ადამიანის პერსონალურმა და პოლიტიკურმა გამბედაობამ ქვეყანა გადაჩეხას გადაარჩინა. თითოეულ თქვენგანს აქვს არჩევანი ქვეყნის ინტერესების დაცვასა და ვერშემდგარი დიქტატორის, ივანიშვილის, მონურ მსახურებას შორის. თითოეულ თქვენგანს აქვს არჩევანი თავისუფლებასა და მონობას შორის. დღეს არის არჩევანი თქვენ წინაშე – რუსი ოლიგარქის „რუსული კანონის“ დაცვა საქართველოს რუსეთთან პირისპირ დატოვების მიზნით, თუ საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენა. არასდროს ყოფილა ასეთი მკაფიო არჩევანი. ეს არჩევანი ჩვენი ქვეყნის არჩევანი და შანსი აღარ მოგეცემათ თქვენ, რომ არ ჩაეწეროთ ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როგორც მოღალატეები. არ არსებობ იმაზე მძიმე განაჩენი, ვიდრე განაჩენი, რომელიც შენს ხალხსა და ისტორიას გამოაქვს. ღალატის დამღით ივლით მთელი დარჩენილი ცხოვრება. საქართველო მაინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებენ ახალგაზრდები და მათთან ერთად გავიმარჯვებთ ჩვენ, ადამიანები, ვინც ყველა ასპარეზზე ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. ივანიშვილის პოლიტიკური სამარე გათხრილია და თქვენ რომ შეგეძლოთ გამოსვლა და დადგომა იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ამას საკუთარი თვალით დაინახავდით, ჩახედავდით ივანიშვილის პოლიტიკურ სამარეს თვალებში. არჩევანი კი თქვენზეა – ჩაჰყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში თუ არა!“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.