შალვა ნათელაშვილი IRI-სა და NDI-ის წარმომადგენლებს აშშ-ის სასამართლოში უჩივლებს

275
spot_img

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებს აშშ-ის სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათელაშვილის თქმით, „ლეიბორისტულ პარტიას“ ანტიამერიკანიზმს ვერავინ დააბრალებს.

როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, გუშინ გამოქვეყნებული ე.წ. პოლიტიკურ-პარტიული რეიტინგები წარმოადგენს იმ დისკრიმინაციის გაგრძელებას, რასაც ამერიკული ინსტიტუტები 25 წლის მანძილზე „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ ეწევიან.

„ჩვენ ვიყავით პირველი და ერთადერთი, რომელიც ითხოვდა ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ატომური იარაღის, ვიდრე სულ მცირე რუსეთის მიერ ოკუპაცია გრძელდება. ამის მიუხედავად, გუშინ გამოქვეყნებული ე.წ. პოლიტიკურ-პარტიული რეიტინგები წარმოადგენს იმ დისკრიმინაციის გაგრძელებას, რასაც ამერიკული ინსტიტუტები 25 წლის მანძილზე ეწევიან „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ და არაფრით დაიღალნენ ამ მუშაობისა და დისკრიმინაციის შედეგად. ხან გადატრიალება და რევოლუციები მოგვიწყვეს, ხან პარლამენტიდან გამოგვყარეს, ხან როგორც პარტია აგვკრძალეს. რეიტინგების, ეგზიტპოლების გაყალბება ჩვენ მიმართ უწყვეტი პროცესია და უკვე აღარ შეიძლებოდა ამის ართქმა გუშინ წაკითხული მორიგი მარაზმის შემდეგ.

შესაბამისად, იძულებული ვხდებით, დავიწყოთ სარჩელის მომზადება აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურ და საერთაშორისო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტების აქაური წარმომადგენლებისადმი აშშ-ის სასამართლოში შესატანად, რათა ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს იმ პროცესს, რაც ჩვენი პარტიის წინააღმდეგ ხორციელდება.

იმედია, ამ ინფორმაციას ამერიკელი მეგობრები, რომლებიც აქ არიან სამოღვაწეოდ ჩამოსული და ეს მოღვაწეობა გამოიხატება მათ შორის ასეთ რეიტინგებშიც, ყურადღებით მოგვისმენენ. ჩვენ აღარ ვაპირებთ გაჩუმებას. საკმარისია, რაც გაგვიკეთეს ამდენი წელი. განცვიფრებული ვარ, როდესაც ვაშინგტონში ჩავდივარ, სხვა სიტუაციაა. უამრავი კეთილგანწყობილი მეგობარი მყავს ამერიკის უმაღლეს პოლიტიკურ ელიტაში, აქ ჩამოვდივარ, ვხედავ ამათ 25 წელია, რომლებიც აცრილი არიან „ლეიბორისტულ პარტიაზე“. მთი ხათრით ვერანაირად ვერ გავხდებით მორფინისტები და ვერც ერთსქესიანები, მიუხედავად იმისა, რომ ორივე კატეგორიას დიდ პატივს ვცემთ. იმედია, ჭეშმარიტება გაიმარჯვებს და ამერიკის სასამართლო ობიექტურად დაადგენს მტყუანს და მართალს. აქ წარმოდგენილი ამერიკული ინსტიტუტები ხელს გვიშლიან, 25 წლის მანძილზე დაკავებული არიან პარტიის წინააღმდეგ არჩევნების რეიტინგებსა და ეგზიტპოლების გაყალბებაზე,“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14 პროცენტი კი – „ნაციონალურ მოძრაობას“. პარტია „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“ ხმას მისცემდა სამი პროცენტი, „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – სამი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ შალვა ნათელაშვილი, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ხალხისთვის – ანა დოლიძე“, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ ხმას მიცემდა ორ-ორი პროცენტი. „კონსერვატიული მოძრაობა, ალტ-ინფო“, „დროა“ ელენე ხოშტარია“, „ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია“ – ერთი პროცენტი. „პატრიოტთა ალიანსს“, „ხალხის ძალას“ და სხვას ერთ პროცენტზე ნაკლები დაუჭერდა მხარს. გამოკითხულთა ხუთი პროცენტი კი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, კითხვაზე პასუხი არ იცის 20 პროცენტმა, პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა შვიდმა პროცენტმა.