“საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ვისაც გავლენა აქვს, მისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის უზრუნველყოფა, ეს არის დემოკრატიული პროცესი”

13
spot_img

ვინც კი ერთვება საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გავლენა აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, მისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის უზრუნველყოფა, ეს არის დემოკრატიული პროცესი, ეს აძლიერებს სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გერმანიაში განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, სამწუხაროდ, არის სფერო, რომელშიც საერთოდ არ არსებობს არანაირი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მინიმალურ დონეს.

„უმნიშვნელოვანესია, ყველას კარგად გვესმოდეს, რომ საქართველოში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, გამჭვირვალობის ძალიან მაღალი ხარისხია. იქნებიან ეს პოლიტიკოსები, პოლიტიკაში ჩართული სუბიექტები, ბიუჯეტის გამჭვირვალობა თუ ნებისმიერი საჯარო რესურსის ხელმისაწვდომობა. ამ მხრივ, ქვეყანაში არის ძალიან მაღალი სტანდარტი, მაგრამ, სამწუხაროდ, არის სფერო, რომელშიც საერთოდ არ არსებობს არანაირი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მინიმალურ დონეს. მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც საჯარო სექტორში არის უმაღლესი სტანდარტი. საერთოდ, პრობლემა არ უნდა არსებობდეს არასამთავრობოებში ან ნებისმიერ სხვა სუბიექტთან მიმართებით, რომ მინიმალური სტანდარტი დაინერგოს ამ სუბიექტებთან დაკავშირებით.

მეორე მხრივ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ერთმნიშვნელოვნად არ ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებიც ევროკავშირშია, როგორც ორგანიზაციაში, ასევე ინდივიდუალურ სახელმწიფოებში. ყველამ კარგად იცის, რომ ევროკავშირი მუშაობს დირექტივაზე, რომელიც დაავალდებულებს სახელმწიფოებს, შეიმუშაონ კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველმყოფელი იქნება.

ამას გარდა, გვაქვს კონკრეტული მაგალითები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ ვინც კი ერთვება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აქვს გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და კონკრეტული მოსაზრების ჩამოყალიბებაზე, მათთვის მნიშვნელოვანია მინიმალური გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველყოფა. ეს არის დემოკრატიული პროცესი, ეს აჯანსაღებს პროცესს და აძლიერებს სახელმწიფოს“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ყველა უნდა იყოს ანგარიშვალდებული, რომ სახელმწიფოში საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, ვინ სთავაზობს მას კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და მოსაზრებებს.

„ძალიან ბევრ მაგალითს მოვიყვან, როცა არიან კონკრეტული სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა, თანამშრომლობა და მათი სუბიექტები, წარმომადგენლები, სამინისტროები რეგისტრირდებიან სხვა სახელმწიფოში, როდესაც ისინი კონკრეტულ აქტივობებს განახორციელებენ. ასე რომ, აქ საუბარი საერთოდ ზედმეტია. როდესაც ადამიანები საუბრობენ, რომ გამჭვირვალობა მათთვის მიუღებელია, რა პრობლემაა, ვინმემ ილაპარაკოს თუნდაც იმაზე, რომ მათ აქვთ კონკრეტული რესურსი, რათა კონკრეტულ ამოცანებს მიაღწიონ და ეს კონკრეტული სახელმწიფოსგან მომდინარეობს. საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. ეს არის ობიექტური რეალობა და მარტივი სიმართლე, როდესაც ყველანი უნდა ვიყოთ ანგარიშვალდებული და უზრუნველვყოთ, ჩვენს სახელმწიფოში საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, ვინ სთავაზობს მას კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და მოსაზრებებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს დელეგაციაში არიან ვიცე-პრემიერი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.