მინდა, შეგახსენოთ, რამდენად არათანმიმდევრული იყო ზოგიერთი მედია, როდესაც ბატონ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ პროცესებს აშუქებდა, სულ ცოტა ხნის წინ ზოგიერთი მედია ამბობდა, რომ ის გააპარეს და გაიქცა საქართველოდან, ახლა იგივე ადამიანები, იგივე ტელევიზიები ამბობენ, რომ ის აეროპორტით დაბრუნდა საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ყველა შესაბამისი სტრუქტურა არის საქართველოს კანონიერი ინტერესების სადარაჯოზე.
„ელემენტარულად, თქვენი წინა კამპანია და კითხვები ეწინააღმდეგება იმას, რასაც ახლა ამბობთ და რაზეც სვამთ კითხვებს; მეორე, თუ ის აეროპორტით, საზღვრის გავლით დაბრუნდა საქართველოში, გარწმუნებთ, რომ ყველა შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც საქართველოში ვიზიტორების შემოსვლას აკონტროლებს, არის სრულ მზადყოფნაში და მათი კომპეტენციის ფარგლებში, მერწმუნეთ, რომ ეს საკითხიც იქნება სათანადო კანონიერი კონტროლის ქვეშ. ასე რომ, ამაში არაფერი სკანდალური არ არის და ახალი სენსაცია აქედან არ გამოვა. ვინ შემოიყვანეს და ვინ ჩამოვიდა ვითომ განსაკუთრებული მისიით საქართველოში, კარგად უნდა გახსოვდეთ. კითხვა იყო, რომ დაინახეთ აეროპორტში, ანუ, შემოვიდა საზღვრით, ჩვეულებრივი გზით, შესაბამისად, გეუბნებით, საზღვარზე, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით, ყველა შესაბამისი სტრუქტურა არის საქართველოს კანონიერი ინტერესების სადარაჯოზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.