“საუკეთესო პერსპექტივაა, რომ უკრაინა იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებით”

24
spot_img

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა უნდა დარჩეს „ბუფერულ ზონად“ რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიებით, მაგრამ არ იქნება ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი.

„მოგწონთ თუ არა, უკრაინელებს მოსწონთ თუ არა, უკრაინა არის რუკაზე იქ, სადაც არის. საუკეთესო პერსპექტივაა, რომ ის იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის – რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებით. ეს არ დაეხმარებათ, უკრაინა დაკარგავს ტერიტორიებს. რუსეთი ისევ და ისევ გაანადგურებს უკრაინას. რუსეთი არასდროს შეეგუება თავის საზღვრებზე ევროკავშირისა და ნატო-ს ისეთი წევრის გამოჩენას, როგორიც უკრაინაა“, – აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მოსაზრებით, რუსეთ-უკრაინის ომი 2024 წელს არ დასრულდება და აუცილებელია, სულ მცირე, უზრუნველყოფილი იყოს ცეცხლის შეწყვეტა და სიტუაცია მივიდეს ფაზამდე, რომელშიც მოლაპარაკებები შეიძლება წარიმართოს.

გარდა ამისა, ორბანი მიიჩნევს, რომ ევროპა უკრაინას საკმარისი იარაღით ვერ დაუჭერს მხარს, რადგან ევროპის ქვეყნების საზოგადოებებში „ასეთი დახმარება უკვე ზედმეტად მიაჩნიათ“.