საუბარია სკვერის მოწყობაზე, მანიპულაცია ხდება – კალაძე კანცელარიასთან მიმდინარე სამუშაოებზე

93
spot_img

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ კანცელარიასთან ლანდშაფტური სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და საუბარია სკვერის მოწყობაზე.

კალაძის თქმით, მერიის სამსახურს სკვერის მოწყობასთან  დაკავშირებით თანხმობა  ჯერ არ გაუცია, თუმცა დასძენს, რომ მერიის მხრიდან თანხმობა იქნება გაცემული.

„ყოველთვის ხდება ხოლმე მანიპულაცია ამგვარი თემებით. მახსოვს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ პარლამენტის წინ არსებული სივრცის მოწესრიგება და კეთილმოწყობა, მაშინაც იგივე განცხადებები კეთდებოდა, სამწუხაროდ.

საზოგადოება ძალიან კარგად შეაფასებს ამ ყველაფერს, ხდება კონკრეტული სივრცის მოწესრიგება, გალამაზება, ამაში ცუდი არაფერია, თუმცა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, ყოველთვის ცდილობენ, რომ ეს რაღაცას დაუკავშირონ.

ერთი გვეუბნებოდა, რომ თურმე რიკოთის უღელტეხილი ჩაგვიკეტია იმისთვის, რომ ხალხი დასავლეთიდან აღმოსავლეთში აქციაზე არ წამოვიდეს. ნუ, ყოველთვის იქნება ასეთი მანიპულაციები, სანამ ასეთი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გვყავს“, – აცხადებს კახა კალაძე.