საუბარი იმაზე, რომ რაიმე დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა, სიმართლეს არ შეესაბამება – იუსტიციის მინისტრის მოადგილე

30
spot_img

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე საჩივარი დაჩქარებულად არ მიუღია.

როგორც მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა, საქმე სტანდარტული პროცედურებით განიხილება და პროცესი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

„ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას გამოუგზავნა სტანდარტული პროცედურების ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველ ეტაპზე მხარეებს ექნებათ 12 კვირა იმისთვის, რომ მორიგების თემაზე ჩამოყალიბდნენ. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს მთავრობას ექნება დამატებით 12 კვირა საკუთარი პოზიციის გასაგზავნად, რის შემდეგაც სტრასბურგის სასამართლო ისევ მომჩივნებს მისცემს ვადას და საბოლოო პოზიციას საქართველოს მთავრობა გააგზავნის. მთლიანად ამ პროცედურებისთვის, ალბათ, მიმდინარე წელი აუცილებელი იქნება. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ რაიმე დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ამ საქმის განხილვა, სიმართლეს არ შეესაბამება. სტრასბურგის სასამართლოს აქვს რეგლამენტში შესაბამისი წესი – როდესაც მიიჩნევს, რომ საქმე განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე პრიორიტეტულად უნდა იყოს განხილული, ამას წერილში უთითებს ხოლმე, 41-ე წესზე აკეთებს მითითებას და ნამდვილად, სწრაფად ხდება განხილვა. მაგრამ ამ საქმეში არაფერ ამგვარს ადგილი არ ჰქონია. ადგილი რომ ჰქონოდა, ალბათ თავად მომჩივნები გაასაჯაროებდნენ სტრასბურგის სასამართლოდან გამოგზავნილ წერილს.

რაც შეეხება იმას, რას გულისხმობს საქმის წარმოებაში მიღება – როდესაც ევროპული სასამართლო მთავრობას კითხვებს უსვამს, ნიშნავს იმას, რომ მან საჩივარი, უბრალოდ, დაარეგისტრირა და ამის შემდეგ, მთავრობისგან და მომჩივნისგან მიღებული დამატებითი პოზიციების მხედველობაში მიღებით გადაწყვეტს, საერთოდ, დასაშვები არის თუ არა საჩივარი“,- განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, სადაც ისინი თაღლითობაში დამნაშავედ არიან ცნობილნი. „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაიწყო აღნიშნული საქმის განხილვა და მას პრიორიტეტი მიენიჭა.