საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სასკოლო კვებასთან დაკავშირებით პრობლემები წლების განმავლობაში არსებობს, რის დასაძლევადაც უწყება უკვე რეალურ ნაბიჯებს დგამს.
როგორც ამილახვარმა პარლამენტში განაცხადა, განათლების სამინისტრო უახლოეს მომავალში სასკოლო კვების მასშტაბური პროექტის შესახებ კონკრეტულ ხედვას, გეგმას წარმოადგენს.
„სამწუხაროდ, ოპონენტებიდან მცირე ნაწილია აქ, თუმცა, რომ ყოფილიყვნენ, შესაბამისი კითხვები იქნებოდა. ამიტომ არ მინდა, ვინმეს დავუტოვოთ იმის თქმის საფუძველი, რომ რაიმეზე საპასუხოდ მზად არ ვართ. სასკოლო კვებასთან დაკავშირებით ისე დახატეს სურათი, თითქოს ჩვენ მიერ შექმნილია ეს პრობლემა და, სულ მცირე, 30 წელი კი არ არსებობს. პირველი ჩვენ მოვკიდეთ ხელი ამ პრობლემას და ვეჭიდებით, უკვე რეალურ ნაბიჯებს ვდგამთ.
რა თქმა უნდა, ახლა კონკრეტიკა შეიძლება ძალიან რთული იყოს, მაგრამ გეტყვით, ერთი წლის განმავლობაში რა სამუშაოები ჩავატარეთ სამინისტროში. ყველა ბუფეტში, რომელიც მუშაობს საჯარო სკოლებში, მათ შორის, კერძო სკოლებში, განვსაზღვრეთ ჰიგიენის მინიმალური სტანდარტები, ასევე სურსათის უვნებლობის, პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელიც დასაშვები თუ დაუშვებელია სასკოლო სივრცეში. ყველა შესაბამის უწყებასთან გავლილია კონსულტაცია, შესაბამისად, მივიღეთ ბრძანება, რომელმაც მეტ-ნაკლებად დაარეგულირა გამოწვევები ბუფეტებში.
სწორი ანალიზისთვის გვჭირდებოდა თითოეული სკოლის დეტალური შესწავლა, რათა გადაწყვეტილება მიგვეღო, რა მოდელებით შეგვიძლია ამა თუ იმ სკოლაში სასკოლო კვების პროგრამის განხორციელება. საჭირო იყო სიღრმისეული ანალიტიკური სამუშაოს განხორციელება. სწორედ ამ მიზნით სამინისტროში დამტკიცდა სასკოლო კვების პროგრამა. ჩვენმა ექსპერტებმა თითოეული სკოლა მოინახულეს, შეისწავლეს, დაასურათეს, აღწერეს და დღეს უკვე გვაქვს მონაცემები თითოეული სკოლის ნაწილში. ეს ეხება სასკოლო ინფრასტრუქტურასაც.
მინდა, საზოგადოებას დავპირდე, რომ უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ერთი-ორი თვის ფარგლებში, უკვე შევძლებთ, ვთქვათ კონკრეტული მოდელები, ვადები, რომელ სკოლაში, რომელ რეგიონში როგორ დავიწყებთ სასკოლო კვების პროგრამას. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემა და მზად ვართ, ამ უდიდეს გამოწვევასაც ვუპასუხოთ. მინდა, დავამშვიდო ოპონენტები და საზოგადოებას ვუთხრა, რომ უახლოეს მომავალში კონკრეტულ ხედვას, გეგმას წარმოვადგენთ, თუ როგორ ვაპირებთ სასკოლო კვების მასშტაბური პროექტის დაწყებას“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.