გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა აჩვენებს, რომ არის რაღაც, რაც აშკარად არასწორია. ამის შესახებ გუტერეშმა „როიტერს“ განუცხადა.
„„ჰამასის“ მხრიდან არის დარღვევები, როდესაც ადამიანებს ფარად იყენებენ, მაგრამ, როდესაც გადავხედავთ სამხედრო ოპერაციების შედეგად ღაზაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობას, აშკარად რაღაც არასწორია“, – აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
რამდენადაც ცნობილია, ღაზის სექტორში 10 569 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 40 პროცენტი ბავშვია. გუტერეშის თქმით, ღაზა „ბავშვთა სასაფლაო“ ხდება.
„მნიშვნელოვანია, ისრაელმა გაიაზროს, პალესტინელი ხალხის ჰუმანიტარული საჭიროებების საშინელი სურათის ყოველდღე ნახვა აზიანებს ისრაელის ინტერესებს“, – განაცხადა გუტერეშმა.
გაერო-ს გენერალური მდივანი ასევე აცხადებს, რომ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან „ჰამასი“ და პალესტინელი ხალხი.
„ჩვენ თუ არ განვასხვავებთ ამ ორს ერთმანეთისგან, ვფიქრობ, კაცობრიობა დაკარგავს თავის მნიშვნელობას“, – განაცხადა გუტერეშმა.
ამასთან, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა მძევლების გათავისუფლებაზეც, რა დროსაც აღნიშნა, რომ გაერო აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში.
„ჩვენ გვაქვს ვალდებულება, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა გათავისუფლდნენ მძევლები. ჩვენ არ გვაქვს ამის ბერკეტი, მაგრამ არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც აქვთ „ჰამასზე“ გავლენის უნარი. ეგვიპტე ძალიან აქტიური იყო. ჩვენ ასევე გვაქვს კონტაქტი ისრაელის ხელისუფლებასთან. აუცილებელია, ყველა მძევალი დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ“, – განაცხადა გუტერეშმა.