“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მკურნალობის დაფინანსება საჭიროების მქონე ყველა მოქალაქეს შეეხება” – თამარ გაბუნია

18
spot_img

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მკურნალობის დაფინანსება შეეხება საჭიროების მქონე საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გაბუნიას თქმით, ეს შეეხება ყველას, მიუხედავად იმისა, მას აქვს თუ არა კერძო დაზღვევა და როგორია მისი შემოსავალი.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მკურნალობის დაფინანსება შეეხება საჭიროების მქონე საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს. მიუხედავად იმისა, მას აქვს თუ არა კერძო დაზღვევა და როგორია მისი შემოსავალი. 40 000-ზე მეტი შემოსავლის მქონე პირებიც გასული წლიდან უკვე სარგებლობენ ამ კომპონენტით. რაც შეეხება გამოკვლევების ჩამონათვალს. გამოკვლევები მკურნალობის დაწყებისთვის ითვალისწინებს სისხლის ანალიზს, ასევე შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი იმიჯური გამოკვლევები – მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფია, სკანირება და ა.შ. ასევე, მედიკამენტის დანიშვნისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს გენეტიკური კვლევებიც. ამაზე მიდის აქტიური მუშაობა სპეციალისტების მიერ და ჩვენ მათ მიერ წარმოდგენილი ნუსხით გავითვალისწინებთ დაფინანსების საჭიროებას და იმას, თუ რა უნდა დაფინანსდეს”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება ონკოპაციენტების მიმდინარე აქციებს, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ პრობლემის ერთადერთი გადაჭრის გზა არის კონსტრუქციული დიალოგი და საჭიროებების გაზიარება როგორც სამინისტროს მხრიდან, ასევე ყველა იმ სპეციალისტისა და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ვინც ჩართულია ონკოლოგიური პროგრამის პროცესში.

„ერთადერთი გადაჭრის გზა არის კონსტრუქციული დიალოგი და საჭიროებების გაზიარება როგორც სამინისტროს მხრიდან, ასევე ყველა იმ სპეციალისტისა და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ვინც ჩართულია ონკოლოგიური პროგრამის პროცესში. ეს პროცესი არის ღია. ჩვენ გვაქვს მიმდინარე კონსულტაციების რამდენიმე პლატფორმა, ამდენად, გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის ისევ კონსტრუქციული დიალოგი”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.