საქართველოში საზოგადოება ერთიანია, პოლარიზაცია კი სინამდვილეში, პოლიტიკური პარტიების ნაწილის რადიკალიზაციაში ვლინდება – შალვა პაპუაშვილი

16
spot_img

ყველასთვის ცხადია, რომ დეზინფორმაციამ ბოლო წლების განმავლობაში წალეკა ქართული პოლიტიკა. დეზინფორმაციამ განაპირობა ემოციები, ხოლო ემოციებმა გამოიწვია დიდი უარყოფითი ენერგიის დაგროვება პოლიტიკურ წრეებშიც და საზოგადოებაშიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ხშირად ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამ უარყოფით ენერგიას „პოლიტიკურ პოლარიზაციას“ უწოდებენ.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ პოლარიზაციასთან საქმე არ გვაქვს. პოლარიზაცია გულისხმობს, რომ საზოგადოება არის გახლეჩილი იდეური ან ღირებულებითი ნიშნით, რაც საქართველოში სულაც არაა ასე. საზოგადოება ერთიანია, პოლარიზაცია კი სინამდვილეში პოლიტიკური პარტიების ნაწილის რადიკალიზაციაში ვლინდება. პოლიტიკური რადიკალიზმი არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებების სიმწვავე. რადიკალიზმი წარმოადგენს პოზიციას, რომელიც მიმართულია კონსტიტუციის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების და ლეგიტიმური ეროვნული ინსტიტუტების წინააღმდეგ. თითქმის ოთხი წელია, ოპოზიციის ნაწილი სწორედ რადიკალიზმის ამგვარი გამოვლინებითაა დაკავებული. შეიძლება ითქვას, რომ რადიკალიზმის ფესვები კიდევ უფრო შორს მიდის. 2012 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ყოველ ჯერზე, არჩევნების წაგების შემდეგ, უარყოფენ არჩევნების შედეგებს ან ბოიკოტს უცხადებენ მათ. არცერთ შემთხვევაში მათ არ წარმოუდგენიათ ოდნავ მაინც დამაჯერებელი დასაბუთება, რის საფუძველზე უარყოფენ მმართველობის დემოკრატიულად არჩეული სტრუქტურების ლეგიტიმურობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ოპოზიციის რიტორიკა მუდმივად მიმართულია არა დემოკრატიული და კანონიერი, არამედ ძალისმიერი და უკანონო მეთოდებით ხელისუფლების შეცვლისკენ.

„ხდება ნებისმიერი საკითხის პოლიტიზება და შემდეგ მათი პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. ამ გზაზე არაფერი წმინდა მათთვის აღარ არსებობს. რადიკალებმა განხეთქილების საბაბად აქციეს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკა, 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყების თარიღი, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეც კი. ესეც არ იკმარეს და სულ ახლახან პოლიტიკურ იარაღად სცადეს ექციათ შობის აღნიშვნის საუკუნოვანი ტრადიცია. როდესაც პოლიტიკური ძალა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები თუ კონკრეტული პირები ცდილობენ, ამგვარად მოახდინონ საზოგადოების გახლეჩა და ნებისმიერი საკამათო თემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ცხადია, ამგვარ ძალებთან თანამშრომლობა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.