“საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა” – საქსტატი

27
spot_img

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.3%-ით (270.9 ლარით) გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა.

უწყების ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.3%-ით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 110.0 ლარი (გაიზარდა 14.1%-ით); მშენებლობა – 3 062.5 ლარი (გაიზარდა 20.8%-ით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 920.5 ლარი (გაიზარდა 19%-ით).

2023 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 607.3 ლარით, ხოლო კაცების – 2 463.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 195.6 ლარი (13.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 340.7 ლარი (16.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2023 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 285.1 ლარით (14.9%) გაიზარდა და 2 196.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (4 420.5 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.1%-ით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 393.5 ლარი, გაიზარდა 22.4%-ით) სფეროებში ფიქსირდება.

2023 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 242.7 ლარით (15.9%) გაიზარდა და 1 765.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.