საქართველოში პირველად, გამოიცა ფოტოალბომი, რომელიც თავს უყრის სრულ და ამომწურავ ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედი ყველა რელიგიური გაერთიანების როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე საკულტო ნაგებობის შესახებ

27
spot_img

გამოიცა საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობების შესახებ ფოტოალბომი, რომელიც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი საზოგადოებრივი, სამეცნიერო, რელიგიური და კულტურული ცხოვრებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბომის – „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფოტოალბომი თავს უყრის სრულ და ამომწურავ ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედი ყველა რელიგიური გაერთიანების როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე საკულტო ნაგებობის შესახებ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, მეცნიერებს, ფოტოხელოვანებს და ყველას, ვისაც აღნიშნული ფოტოალბომის შექმნასა და გამოცემაში წვლილი მიუძღვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ღონისძიება, რომელსაც დღეს ჩვენ ვესწრებით. ამისთვის მადლობას ვუხდი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს. გამოიცა საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობების შესახებ ფოტოალბომი, რომელიც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი საზოგადოებრივი, სამეცნიერო, რელიგიური და კულტურული ცხოვრებისთვის.

საქართველოში პირველად, გამოიცა ფოტოალბომი, რომელიც თავს უყრის სრულ და ამომწურავ ინფორმაციას ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა რელიგიური გაერთიანების როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე საკულტო ნაგებობის შესახებ – თბილისის გარდა, ვინაიდან, როგორც ცნობილია დედაქალაქის შესახებ მსგავსი ალბომი სააგენტომ 4 წლის წინ გამოსცა.

ალბომი, ასევე, გვაწვდის ინფორმაციას მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების შესაბამისად, საქართველოს რელიგიური განფენილობის შესახებ.

ამ უმნიშვნელოვანესს პროექტს მაღალი ღირებულება აქვს, და ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ტრადიციის – რელიგიური შემწყნარებლობის, ერთობლივი თანაცხოვრების კულტურის თვალსაჩინო გამოხატულებაა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ალბომი სხვადასხვა რელიგიური კონფესიის, რელიგიური გაერთიანების, სასულიერო პირების ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა, რაც კონფესიათა შორის თანამშრომლობის არაჩვეულებრივი გამოვლინება და მაგალითია.

მადლობას ვუხდი რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს, მეცნიერებს, ფოტოხელოვანებს, ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ ფოტოალბომის შექმნასა და გამოცემაში.

დარწმუნებული ვარ, ფოტოალბომი შესანიშნავი საჩუქარი იქნება რელიგიის სფეროს სპეციალისტებისთვის, ისტორიკოსებისთვის, ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია და საინტერესოა საქართველოს ისტორია და ვისაც აინტერესებს საქართველოს დღევანდელობა.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი სააგენტოს ამ არაჩვეულებრივი ფოტოალბომისთვის. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში, მინდა, წარმატებები გისურვოთ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ალბომის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ, რომელმაც პატრიარქის სახელით წაიკითხა განცხადება.

პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.