“საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა” – შალვა პაპუაშვილი

26
spot_img

ეს შეიძლება არ შედიოდეს მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში არის გაუმჭვირვალე – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს არ აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რითაც, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ფარულად დაფინანსება არის არასწორი საქციელი.

„როცა ჩვენ გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი. ეს შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში არის გაუმჭვირვალე. ჩვენ ვიცით მაგალითები, მაგალითად „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელიც საქართველოში საკუთარ დაფინანსებას მალავს, რაც არის სწორედაც, რომ ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო. სამწუხაროდ, ერთი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, რომ დამერწმუნებინა თავად ევროკავშირის წარმომადგენლები, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ფარულად დაფინანსება არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი, ამიტომაც გვიწევს კანონის მიღება. მე სხვების ნაცვლად ვერ გიპასუხებთ, მაგრამ პრობლემა არის შემდეგში. სინამდვილეში, არის მცდელობა აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტიევროპული ქცევა. სინამდვილეში, არის მცდელობა ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტიევროპული ქცევა. სინამდვილეში, ეს არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვაკეთებთ, ვთავაზობთ შინაარსს და რადიკალური ოპოზიციის ქცევას ვხედავთ, რას აკეთებს? – ხევს პლაკატებს, სადაც არის კანონპროექტის ლინკი მითითებული. უნდათ საზოგადოება ამყოფონ ამ ინფორმაციის გარეშე… დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს არ აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.