საქართველოში აღებულ მართვის მოწმობებს ევროპის კიდევ ერთი ქვეყანა აღიარებს

42
spot_img

საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ესპანეთის სამეფოს მინისტრთა საბჭომ უკვე განაცხადა თანხმობა შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ესპანეთის სამეფოს პრეზიდენტისა და მინისტრთა საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობების კატეგორიები და კლასები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დაექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, B+E, მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E მართვის მოწმობების გადაცვლისათვის, განმცხადებლებს მოუწევთ ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული,” – წერია შს სამინისტროს განცხადებაში.