ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელა, რომელიც ნავსადგურებისა და გემთმფლობელების პასუხისმგებლობას განსაზღვრავს გემისა და ნავსადგურის უშიშროების, გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების და კომპლექსური შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განმარტებით, კოდექსში საქართველოს მთავრობის დადგენილებით „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესები“ გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ჯარიმები აისახა.
ჯარიმა წესდება ნავსადგურში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევისთვის. ასევე, კოდექსს ემატება მუხლები, რომლებითაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესების დარღვევისთვის ჯარიმა დაწესდება.
ცვლილება ასევე ითვალისწინებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ნავსადგურის კომპლექსური შემოწმების დროს გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ჯარიმების დაწესებას.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.