საქართველოს საელჩომ ათენის ქართულ დიასპორასთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა

140
spot_img
საქართველოს საელჩომ ათენის ქართულ დიასპორასთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა.
საღამოს ესწრებოდნენ ინოვაციური პროექტის „Miyabi – Fashion Creation“ დამფუძნებლები და მონაწილეები საქართველოდან, საბერძნეთიდან და იაპონიიდან.
გაიმართა ქართული STARTUP პროექტების – ქართული ჭაჭის “Pirali” და საფერავის ღვინის ჩაი “Stumari”-ს პრეზენტაცია, სადაც ხაზი გაესვა ქართული ტრადიციული პროდუქტის უნიკალურობას.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დეა მუმლაძემ. მიმართვაში ყურადღება გამახვილდა საქართველოს და საბერძნეთის მჭიდრო, პარტნიორულ თანამშრომლობაზე და აღნიშნულში ქართული დიასპორის ჩართულობის მნიშვნელოვან როლზე.
პროექტები წარმოადგინეს „Miyabi-Fashion Creation“-ის დამფუძნებელმა, კინორეჟისორმა და პროდიუსერმა, ირინე ხანგოშვილმა და ამავე პროექტის იაპონელმა თანადამფუძნებელმა მინაკო იამაზაკიმ. სტუმრებს მიესალმა პროექტის ბერძენი თანასპონსორი, UNESCO CLUB PIRAEUS AND ISLANDS-ის პრეზიდენტი იოანის მარონიტისი.
დამსწრე საზოგადოებამ დაათვალიერა ქართველი და ბერძენი დიზაინერების ერთობლივი ნამუშევრები, დააგემოვნა ქართული ჭაჭა “ფირალი” და საფერავის ჩაი, რომელთა პრეზენტაცია პირველად გაიმართა საბერძნეთში.
საღამოს ბოლოს სტუმრებმა ეროვნული კერძები დააგემოვნეს.
მიღების შემდეგ, საელჩოს თანამშრომლებმა, ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა, ათენში მცხოვრებმა თანამემამულეებმა და ბერძენმა მეგობრებმა, ეროვნული დღესასწაული ქალაქის ცენტრალურ მოედანზეც აღნიშნეს. ომონიას მოედნის შადრევანი, საქართველოს საელჩოს და ათენის მერიის თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს დროშის ფერებში განათდა.