“საქართველოს პრემიერიც თვლის, რომ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის მონაკვეთები საქართველოს საზღვარი არ არის? ეს რესპუბლიკები დამოუკიდებლები არიან? და ამ რესპუბლიკათა საზღვრებს ფაქტობრივად არც მეზობელი რუსეთი აკონტროლებს?,” წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე
“ღარიბაშვილს ბრატისლავაში უბრძანებია, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარი 600 კილომეტრიაო. რას გულისხმობდა ის?
საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს საზღვარი რუსეთთან (რასაკვირველია აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ჩათვლით) არის ხმელეთზე 875,5 კმ. და საზღვაო საზვრის ჩათვლით 897,9.
(უნდა ითქვას, რომ რუსული და ქართული მონაცემები ოდნავ განსხვავდება – police.ge-ს გვერდზე 894 კმ-ია მითითებული.)
თუ ამ აღიარებულ საზღვარს არ ვიგულისხმებთ და ფაქტობრივი საზღვრის სიგრძეს გამოვიანგარიშებთ (რუსეთის მიერ კონტროლირებად საზღვარს საქართველოსთან), გამოვა უფრო გრძელი საზღვარი – საქართველოს გულში შემოჭრილი ე. წ. სამხრეთ ოსეთის გამო.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის მონაკვეთის საზღვარი რუსეთთან არის 74 კმ. (ზოგან 70 წერია). დანარჩენ საქართველოსთან ამ რეგიონის საზღვარი, რომელსაც რუსები აკონტროლებენ, არის 391,4 კმ.
აფხაზეთის მონაკვეთის საზღვარი რუსეთთან არის 255,4 კმ. (22,4 კმ. საზღვაო საზღვარის ჩათვლით), დანარჩენ საქართველოსთან აფხაზეთის საზღვარს კი რუსები 162,8 კმ-ს ანგარიშობენ (ვერც ერთი ქართული წყარო ვერ ვნახე აფხაზეთ-სამეგრელო-ზემოსვანეთის საზღვრის თუ სადემარკაციო თუ საოკუპაციო საზღვრის სიგრძეზე. გუგლ მეპის საშუალებით დავითვალე და 140 კილომეტრზე ცოტა მეტი უნდა გამოდიოდეს – ამას რუსები ალბათ ტერიტორიული წყლების 12 საზღვაო მილსაც (22,224 კმ) უმატებენ. კარგად შევძლებთ კონფლიქტების მოგვარებას – ასეთ უბრალო საქმეზეც კი მონაცემები რომ არ იძებნება).
ანუ დე ფაქტო საზღვარი ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით არის – 1026,5 კმ. მაშინ რა არის 600 კმ.?
რუსული მონაცემებით (რადგან რუსეთი აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს და რუსული ჯარის მიერ ამ ტერიტორიების საზღვრების კონტროლს მხედველობაში არ იღებს), საქართველო-რუსეთის (ცხინვალის რეგიონით ორად გაყოფილ) საზღვარი 572 კილომეტრია.
თუ საქართველოს საზღვარი რუსეთთან 897,9-ია, აქედან აფხაზეთთან 255,4 და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თუნდაც 74, გამოდის – 897,9-255,4-74=568,5.
ეს ოთხიოდ კილომეტრიანი განსხვავება დასაშვებია.
პრემიერმა დაამრგვალა 600-მდე.
ანუ საქართველოს პრემიერიც თვლის, რომ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის მონაკვეთები საქართველოს საზღვარი არ არის? ეს რესპუბლიკები დამოუკიდებლები არიან? და ამ რესპუბლიკათა საზღვრებს ფაქტობრივად არც მეზობელი რუსეთი აკონტროლებს?
ანუ საქართველოს საზღვარი რუსეთთან არც საერთაშორისოდ აღიარებული 900მდე კილომეტრს შეადგენს და არც ამჟამინდელი ფაქტობრივი საზღვრის, უფრო სწორად კი შეხების ხაზის (არსებობს Line of Contact / линия соприкосновенияს უკეთესი შესატყვისი?) სიგრძეა, რომელიც ათას კილომეტრზე მეტია, არამედ ეს რაღაც 600ოდე კილომეტრი, ისე როგორც რუსეთს მიაჩნია.”- წერს ლაშა ბაქრაძე.
https://www.facebook.com/photo/?fbid=10160816896964882&set=a.117541559881