საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს დაასახელებს

119
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე დაასახელებს. აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, პრემიერს საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

„პრემიერ-მინისტრს ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რის თაობაზეც მე არ და ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს მთავრობის ხელმძღვანელის პრეროგატივაა. ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონსულტაცია პარტიულად, ჩვენთანაც. არჩევანი გაკეთდა რამდენიმე ძალიან ღირსეულ ადამიანს შორის და გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ვიცი, ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1 მარტს დატოვა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განმარტა, ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის კუთხით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. ირაკლი კობახიძემ ამის ერთ-ერთ მაგალითად რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები მოიყვანა.