პოლონეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.
თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებიდან გამომდინარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს ვიზიტი და პოლონეთის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„შეხვედრების დროს განხილული იქნება ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები, რაც არის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაცია. პოლონელ კოლეგას მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას როგორც საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხრივ”-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან.
ზბიგნევ რაუ შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ზბიგნევ რაუ ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.