საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელით – პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი

55
spot_img

საქართველო-პორტუგალიის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიასთან პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ისაუბრა.

„მახსოვს გიორგი ქინქლაძე, წარმოუდგენლად კარგი ფეხბურთელი იყო, ხელოვანი, ნამდვილი არტისტი. ის აჩვენებდა ქართული ფეხბურთის მენტალიტეტს. მისნაირი კიდევ რამდენიმეა. მაგალითად ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც მეტოქე გუნდის დაცვის ხაზის დაშლა შეუძლია. ასევე მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც სამი წელია ვალენსიაში უმაღლეს დონეზე თამაშობს. საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელით, სადაც ვილი სანიოლმა უმაღლესი სამუშაო გასწია. მათ უბრალოდ არ გაუმართლათ, თორემ ორი ტურის შემდეგ გაცილებით უფრო კარგი სატურნირო მდგომარეობა ექნებოდათ“, – აღნიშნა რობერტო მარტინესმა.

მარტინესმა დაადასტურა, რომ კრიშტიანუ რონალდუ და დიეგო კოსტა სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან.

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს ქალაქ გელზენკირხენში, 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.