“საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება” – სამთავრობო პროგრამა

32
spot_img

საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება, თითოეული ოჯახის დაცულობა, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობიანი გზით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამაშია ნათქვამი, რომელიც დღეს განახლებულ მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინა.

პროგრამაში საუბარია ოკუპაციასა და რეგიონული კრიზისების თაობაზე და აღნიშნულია, რომ ამ მხრივ გამოწვევები გაიზარდა.

„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოს განვითარება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის, სერიოზული გლობალური და რეგიონული კრიზისების ფონზე უწევდა. ბოლო წლებში გამოწვევები, სამწუხაროდ, კიდევ უფრო გაიზარდა და გამძაფრდა. ამ ფონზე, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება, თითოეული ოჯახის დაცულობა, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობიანი გზით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

გლობალური გამოწვევების ფონზე, იმისათვის, რომ მდგრადი და ინკლუზიური განვითარება მოქალაქეთა კეთილდღეობაზე აისახოს, საჭიროა რეფორმების განგრძობადობის უზრუნველყოფა, რესურსებისა და პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება და საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიანად თანამშრომლობა.

შესაბამისად, წინამდებარე სამთავრობო პროგრამის მიზანია ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა,”- აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთავრობის ძალისხმევა რამდენიმე საკვანძო სფეროზე იქნება მიმართულება.

საგარეო პოლიტიკის მიმართულებით დოკუმენტი ხაზს უსვამს ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადობასა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებას.

„საგარეო პოლიტიკა, ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადობა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, უსაფრთხოების და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა; საზოგადოებრივი უსაფრთხოება – სახელმწიფოს მთავარ ამოცანად რჩება საქართველოს ევროკავშირსა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, დეოკუპაცია, საქართველოს რეგიონული და გლობალური როლის კიდევ უფრო განმტკიცება ქვეყნის შემდგომი სწრაფი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.

უსაფრთხოების გარემოს მზარდი გამოწვევებიდან გამომდინარე, მთავრობის მიზანია, ტოტალური თავდაცვის მიდგომაზე დაფუძნებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სტრატეგიული მზადყოფნის დონის ამაღლება, ასევე, დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება, ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტით დაცვა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. შედეგად, მთავრობა შეძლებს მოსახლეობისთვის მშვიდი და სტაბილური გარემოს შექმნას,”- ნათქვამია დოკუმენტში.

კიდევ ერთო საკითხი, რომელიც პროგრამის მიხედვით, პრიორიტეტებს შორისაა, ეკონომიკური განვითარებაა.

„ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი ამოცანებია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება, საგარეო ვაჭრობის განვითარება და საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნის განუყოფელი ნაწილია ტურიზმის განვითარება, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი ინვესტიციებისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა, რაც მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდის წინაპირობებს შექმნის. მთავრობის მიზანია საქართველო იქცეს საკვანძო ეკონომიკურ ჰაბად გლობალურ და რეგიონულ დონეზე. შედეგად, შესაძლებელი გახდება დასაქმების ზრდა და მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება“, – აღნიშნულია პროგრამაში.

პროგრამის თანახმად, მთავრობის კიდევ ერთი პრიორიტეტი სოციალური პოლიტიკისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაა.

„მოცემული მიმართულებით მთავრობის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მთავრობის მტკიცე პოლიტიკაა ქვეყანაში სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და დასაქმების ხელშეწყობა. ამასთანავე, პრიორიტეტად რჩება ხარისხიანი განათლების სისტემის განვითარება, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო ძლიერი და ცოდნით აღჭურვილი საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია პროგრამაში.

სამთავრობო პროგრამაში ნათქვამია, რომ პრიორიტეტად რჩება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა.

” სახელმწიფო მმართველობა – მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და საჯარო სამსახურის სისტემის განვითარება, რაც ასევე უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის დაჩქარებას. მთავრობა უწყვეტად განაგრძობს მოქალაქეებისთვის სერვისების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით მიწოდებასა და რეალურ საჭიროებებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას,”- აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობა გამოხატავს სრულ მზაობას, ფართო საზოგადოების ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შექმნას საქართველოს ევროპული მომავალი.

სამთავრობო პროგრამა ქმნის მყარ საფუძვლებს მომდევნო წლებში ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის, როგორც ეროვნული, ასევე რეგიონული და გლობალური მასშტაბით, გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ მიზანთან და ემსახურება თითოეული მოქალაქის უკეთეს მომავალს,”- აღნიშნულია დოკუმენტში.