საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციამ დამოუკიდებლად მიიღო.
„მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ეს არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის იმასთან დაკავშირებით, რომ მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც შეცვალა რუსეთის ფედერაციამ, რომელიც მათ თავად მიიღეს საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში. სწორედ მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა ეს და ნებისმიერი ქვეყანა წყვეტს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დააწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი მოქალაქეებისთვის მოხსნას. სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება საქართველოს მხრიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან დაკავშირებულ უვიზო მიმოსვლას, მინდა შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, თუ როდის და რა რეჟიმში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, გადაწყვეტილება, რომელმაც მოუხსნა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო მიმოსვლა. ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომლებსაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი, რომელიც გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ.