ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებას შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის.
„საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, იმისთვის რომ საქართველოს ჰქონოდა პროგრესი ასოცირების შეთანხმების ფარგლებში და საქართველო გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ როცა ეს დრო დადგება, საქართველო იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის. საინტერესოა ის გადაწყვეტილებები თუ გზავნილები, რომლებიც უკვე ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში გაჟღერდება“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. ჯოზეფ ბორელმა გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა – ერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს ევროპულ გზას საერთოდ არ უქმნის საფრთხეს. შესაბამისად, განიხილება ის ზომები რაც არ საჭიროებს ერთსულოვნებას. ასეთად კი ბორელმა ფინანსური დახმარების შეჩერება მთავრობისთვის და ასევე ევროპის მშვიდობის ფონდიდან მხარდაჭერის გადახედვა დაასახელა.