საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ „თეთნულდზე“ „ფრირაიდის“ მსოფლიო ტური ჩატარდება

28
spot_img

საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ „თეთნულდზე“, 29 თებერვალს “ფრირაიდის” მსოფლიო ტური ჩატარდება. გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ ანესში, “ფრირაიდის” ყოველწლიურ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველომ ორი წლის განმავლობაში, წარმატებით უმასპინძლა “ფრირაიდის” საკვალიფიკაციო ეტაპებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, უმაღლეს დონეზე ჩატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობა საერთაშორისო ექსპერტების ყურადღება საქართველოსადმი.

„საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის არის: (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც “ფრირაიდის” მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად.

“ფრირაიდი” ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) საკუთარ შემადგენლობაში შეიყვანა, შეჯიბრი კი მათი ეგიდით ტარდება.

ღონისძიებაში 15 ქვეყნის (საფრანგეთი, კანადა, ესპანეთი, აშშ, მექსიკა, გერმანია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, შვედეთი, პოლონეთი, ნორვეგია, ახალი ზელანდია, იაპონია, საქართველო) 50 გამორჩეული “რაიდერი” იასპარეზებს, მათ შორის, იქნება „ვაილდ ქარდის მფლობელი“ საქართველოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი. მესტია გახდა მსოფლიოში “ფრირაიდის” ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი პოზიციონირდა, ფრირაიდის მოყვარულთათვის, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი.

“ფრირაიდის” მსოფლიო ტური ჯამურად 300 მლ. მაყურებელს ფარავს, აღნიშნული ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის.

ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით. გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას ახალი მიმართულებით და უფრო მიმზიდველს გახდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორია კომპანია “თი ბი სი” , პარტნიორი კი USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და “ანდერსენ ჯორჯია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.