საქართველოს ისრაელში, ჩინეთში, ქუვეითსა და იორდანიაში ახალი ელჩები ჰყავს

6
spot_img

საქართველოს ისრაელში, ჩინეთში, ქუვეითსა და იორდანიაში ახალი ელჩები ჰყავს. უფრო კონკრეტულად, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელის სახელმწიფოში ელჩად ზაზა კანდელაკი დაინიშნა, რომელიც მანამდე იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩი იყო. ამ პოზიციაზე მან ლაშა ჟვანია ჩაანაცვლა.

ქუვეითის სახელმწიფოში კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ნოშრევან ლომთათიძე იქნება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, იგი 2021 წლის ივნისიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე. ის აღნიშნულ პოსტზე კონსტანტინე ჟღენტს შეცვლის.

რაც შეეხება ჩინეთში ახლადდანიშნულ ელჩს, ის პაატა კალანდაძეა. კალანდაძე ამ პოზიციაზე არჩილ კალანდიას ჩაანაცვლებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ელჩად დანიშვნამდე, პაატა კალანდაძე იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი იქნება. მან ამ პოსტზე ზაზა კანდელაკი შეცვალა. არჩილ ძულიაშვილი იკავებდა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახლადდანიშნულ ელჩებს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ შეხვდა.