“საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია” – 12 ქვეყნის საგარეო მინისტრების მიმართვა ბორელსა და ვარჰეის

33
spot_img

ევროკავშირის 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთან დაკავშირებით, ერთობლივი წერილით მიმართეს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის.

ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

მიმართვას ხელს აწერენ ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

“მოგმართავთ დიდი წუხილით საქართველოში გაუარესებულ ვითარებასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს და ევროპულ მისწრაფებას მთელი გულით ვუჭერდით მხარს. დღეს ქართველი ხალხისა და მათი ევროპული არჩევანის გვერდით ვდგავართ – ეს არის არჩევანი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების სასარგებლოდ.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ადგას იმ გზას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის შესაძლებლობას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიწიოს.

საქართველოს პარლამენტი წინ მიიწევს ე.წ. “უცხოური გავლენის” კანონის მიღების გზაზე. იმის ფონზე, რომ ბევრი შეშფოთების სიგნალია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების თუ საქართველოს პარტნიორების მხრიდან, უნდა მოვძებნოთ სხვა გზებიც, რათა თბილისს ჰქონდეს არაორაზროვანი გზავნილი, რომ ეს კანონმდებლობა საქართველოს ევროპულ გზაზე პროგრესთან შეუთავსებელია.

ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებდნენ პროტესტს, დათრგუნვა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების, შეუთავსებელია დემოკრატიასთან და ევროპულ ღირებულებებთან. მთავრობის შებრუნება დემოკრატიული დასავლეთიდან საკუთარ გამოსვლაში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემაც გააძლიერა.

გიგზავნით პირდაპირ და ნათელი მესიჯს, რადგან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია…

ამ ვითარებაში გთხოვთ უზრუნველყოთ ზეპირი განცხადება ევროკომისიის იმაზე, თუ რა გავლენა ექნება შეთავაზებულ კანონმდებლობას ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე. ასევე გთხოვთ ამ საკითხს მიენიჭოს პრიორიტეტი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს კანონის საბოლოო მიღებამდე მოხდება”, – წერენ ევროპელი დიპლომატები.