საქართველოს ევროპული იდენტობის გასაგებად მის წარსულში უნდა ჩავიხედოთ – რას წერს “პოლიტიკო“

42
spot_img

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში – ბრიუსელში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველოს ევროპული იდენტობის გასაგებად მის წარსულში უნდა ჩავიხედოთ“ (ავტორი – ლუკ კოფი, აშშ-ის ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი), რომელშიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაა განხილული, ევროპულ (დასავლურ) ცივილიზაციასთან ქვეყნის ისტორიული ურთიერთობების ფონზე. მასში ნაჩვენებია აგრეთვე ქართველი ხალხის ევროპული იდენტობის ფესვები.


გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


როგორც უკვე გამოცხადდა, ევროკავშირი ოფიციალურად იწყებს მოლაპარაკებას უკრაინასთან და მოლდოვასთან, მათი მიღების მიზნით, რაც ისტორიულ მომენტს წარმოადგენს ორივე ქვეყნისათვის. სულ რაღაც ორიოდე წლის წინათ კიევისა და კიშინიოვისათვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ძალზე შორეული ჩანდა. სამწუხაროდ, უკრაინისა და მოლდოვას გვერდით არ იქნება კიდევ ერთი სახელმწიფო-კანდიდატი – საქართველო.


რამდენიმე კვირის წინათ ასობით ათასი ქართველი ქუჩებში გამოვიდა იმ რუსული კანონის წინააღმდეგ, რომელიც მმართველი პარტიის მთავრობამ და დეპუტატებმა მიიღეს და რომელიც პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ არის მიმართული. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებას კურსი რუსეთთან დაახლოებისაკენ აქვს აღებული. სრულიად გასაგებია, რომ ქართველების 80%, რომლებსაც ევროინტეგრირება სურთ, შეშფოთებულები არიან ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შესაძლო ცვლილებით. სხვათა შორის, მასობრივი აქციები და დემონსტრაციები საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო არ არის – სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად არის ჩართული დემოკრატიის განვითარებაში და ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრირებას ხელს უწყობს.


გარე დამკვირვებლისათვის მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რატომ გამოდის ქართველი ხალხი ქუჩაში ყოველთვის, როცა მისი ევროატლანტიკური კურსი ეჭვის ქვეშ ექცევა. ამისათვის აუცილებელია ვიცოდეთ ქვეყნის ისტორია, რომელშიც ორი მკაფიო თემაა ერთმანეთთან გადახლართული: პირველი გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს მომავალი ევროპასთან არის დაკავშირებული – იმიტომ, რომ ჯერ კიდევ უძველესი წარსულიდან, ქვეყანას ფესვები დასავლური ცივილიზაციისაკენ აქვს გადგმული. მეორე – საქართველო ვერასდროს ვერ შეძლებს რუსეთისადმი ნდობის გამოხატვას – იმიტომ, რომ ნდობისათვის არავითარი საფუძველი არ არსებობს.


საქართველოში უამრავი ლეგენდები და მითებია გავრცელებული, რაც იმას მოწმობს, რომ ევროპელებს და საერთოდ, დასავლურ ცივილიზაციას ქართველებთან დიდი ხნის კავშირი აქვთ და მითებში აღწერილი ამბები ხდებოდა იმ მიწაზე, რომელიც დღეს საქართველოს შემადგენლობაშია.
ძველბერძნული ლეგენდის თანახმად, როცა პრომეთემ ღმერთებს ცეცხლი მოსტაცა ადამიანებისათვის მისაცემად, ღმერთებმა იგი დასაჯეს და კავკასიონის მწვერვალზე მიაჯაჭვეს, ჰერაკლე კი მის დასახმარებლად კავკასიაში გაემგზავრა. ასევე ბერძენი იაზონი არგონავტებით შავი ზღვის გავლით, კოლხეთის სამეფოში მიცურდა ოქროს საწმისის დასაუფლებლად. კოლხეთი დღეს საქართველოს შემადგენლობაში შედის. თანამედროვე ქართველები ძალიან ამაყები არიან იმით, რომ მათ კავშირი აქვთ ევროპულ – ძველბერძნულ მითოლოგიასთან და ისტორიასთან, მაგრამ საქმე ამით არ მთავრდება.


გადავინაცვლოთ მე-19 საუკუნეში და გავეცნოთ ერთ-ერთ ინგლისელს – სერ ოლივერ უორდროპს – ქართველოლოგიური კვლევების მამამთავარს და მოგვიანებით, უკვე 1919-1920 წლებში – ბრიტანეთის პირველ მაღალჩინოსან დიპლომატს კავკასიაში და საქართველოში. იგი, მოგზაურობის მოყვარული პიროვნება, საქართველოში 1887 წლის აპრილში მოხვდა – გემით ბათუმში, გაიარა გურია, ქუთაისი და ჩავიდა თბილისში. გაიცნო და დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს და სხვა ქართველ ინტელექტუალებს, იმოგზაურა კახეთშიც. ინგლისში დაბრუნებისთანავე ოლივერ უორდროპმა დაწერა წიგნი „საქართველოს სამეფო: მოგზაურობა ქალების, ღვინისა და სიმღერების ქვეყანაში“ (The Kingdom of Georgia: Travel in a Land of Women, Wine and Song), რომელიც 1888 წლის შემოდგომაზე დაიბეჭდა ლონდონში. წიგნი მოიცავდა საქართველოს მოკლე ისტორიას, ქართული ენის და ლიტერატურის აღწერას და სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის მიმოხილვას: „საინტერესოა, რომ ქვეყნის პოლიტიკური იდეალები გადმოღებულია დასავლეთ ევროპიდან… აბსოლუტური მონარქების შვილები, რომელთა მამები სულ რაღაც მეოთხედი საუკუნის წინათ მსხვილი ფეოდალების და ყმების მფლობელები იყვნენ, დღეს დემოკრატიული იდეების მხარდამჭერები არიან და ხმამაღლა აცხადებენ თავისუფლების, თანასწორობის, ძმობისადმი ერთგულებას“, – წერდა ოლივერ უორდროპი.


საქართველოს ევროპული იდენტობა უკვე დიდი ხანია უდავოა, ასევე დამტკიცებულია ქართველთა როლი ევროპის ისტორიაშიც. და თუ გავითვალისწინებთ ქართველთა ერთგულებას ევროპული ფასეულობების მიმართ, მაშინ გასაგები იქნება, თუ რატომ აქვთ ქართველებს მოსაზღვრე რუსეთისადმი საეჭვო დამოკიდებულება – იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ყოველთვის ერეოდა ქვეყნის საქმეებში, 2008 წლის აგრესიული ომის ჩათვლით, რომლის დროსაც რუსეთმა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია განახორციელა. საერთოდ კი, ქართველების ეჭვებს და უნდობლობას რუსეთის მიმართ 240 წლის ისტორია აქვს.


მე-18 საუკუნეში ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე მეორემ, რომელიც ოსმალებისა და სპარსელების შემოსევის მუდმივი საფრთხის ქვეშ იყო, მფარველობითი ხელშეკრულება გააფორმა რუსეთთან („გეორგიევსკის ტრაქტატი“), მაგრამ რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ არ დაიცვა დოკუმენტის პირობები და როცა სპარსეთის მმართველი აღა-მაჰმად-ხანი ქართლ-კახეთის სამეფოს თავს დაესხა, ქართველებს არ დაეხმარა (…) უფრო მეტიც: 1801 წელს რუსეთმა საერთოდ გააუქმა ხელშეკრულება და ქართლ-კახეთის სამეფო მიიერთა, შემდეგ კი იმერეთის სამეფო და მთლიანად საქართველო.


1918 წელს ქართველმა ხალხმა დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოაყალიბა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახით, რომელიც იმდროინდელმა ევროპულმა ქვეყნებმა დე-იურედ აღიარეს… და არა მარტო ევროპამ, არამედ შორეულმა არგენტინამ და იაპონიამ. 1920 წლის 7 მაისს საქართველომ და ბოლშევიკურმა რუსეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის ძალით, ორივე მხარემ ერთმანეთის დამოუკიდებლობა აღიარეს და სახელმწიფო საზღვრის ზოგადი დელიმიტაციაც განახორციელეს. სამწუხაროდ, თბილისი იძულებული გახდა ხელი მოეწერა საიდუმლო დამატებისთვისაც, რომლის თანახმად, საქართველოში დაშვებული იქნა ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი კომპარტიის საქმიანობა. საბოლოო ჯამში, სწორედ ადგილობრივი ქართველი და რუსი კომუნისტების ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგად, შეიქმნა ისეთი პირობები, რომ საბჭოთა რუსეთი, სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ, 1921 წლის თებერვალში, თავს დაესხა საქართველოს, დაარღვია 7 მაისის ხელშეკრულების პირობები, ქვეყნის ოკუპირება მოახდინა და კომუნისტური მმართველობა შემოიღო, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეიყვანა. ქართველები ასეთ პირობებში იყვნენ 1991 წლამდე.


თუ ვინმე თვლის, რომ ეს ყველაფერი წარსულში მოხდა და რუსეთის ახალი თავდასხმა მოსალოდნელი არ არის, მაშინ თქვენ მოვლენებს ყურადღებას არ აქცევთ. ეჭვი არავის არ შეეპაროს იმაში, რომ რუსეთი თვალს ადევნებს საქართველოს მოვლენებს და თუ კრემლი შეამჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას კარგავს, სრულიად სავარაუდოა, რომ მოსკოვი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩაერევა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის დამხობა მასობრივი დემონსტრაციების შედეგად მოხდება.


„რუსული კანონის“ მიღების შემდეგ „ქართული ოცნება“ „დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს“, რაც არ ეთანხმება ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ უნდობლობას რუსეთის მიმართ. საქართველოს ბედი ევროატლანტიკურ თანამეგობრობაშია – იმიტომ, რომ, როგორც უკვე ვთქვით, მისი ფესვები ევროპაშია საუკუნეების განმავლობაში. ქუჩის საპროტესტო აქციებში უფროსი თაობის ქართველებიც მონაწილეობენ, რომლებმაც კარგად იციან, თუ როგორი იყო საქართველო საბჭოთა პერიოდში და ამიტომ მათ განვლილის უკან დაბრუნება არ სურთ, ხოლო ახალგაზრდებს, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში არ უცხოვრიათ, მხოლოდ ქვეყნის დასავლური პერსპექტივა აინტერესებთ და ევროატლანტიკური გზის ერთგულები არიან.


ჯერ კიდევ არავინ იცის, თუ რა მოჰყვება ვაშინგტონის, ლონდონის და ბრიუსელის პოზიციების დაფიქსირებას, მაგრამ ერთი რამის თქმა აშკარად შეიძლება: საქართველოსა და მისი ევროატლანტიკური პარტნიორების ურთიერთობა ისეთი მჭიდრო, როგორიც ადრე იყო, აღარ იქნება. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი და მდგრადი რჩება.


ქართული ლიტერატურის გიგანტი – და რუსული იმპერიალიზმის მტკიცე კრიტიკოსი – ილია ჭავჭავაძე წერდა თავის ცნობილ ნაწარმოებში – „აჩრდილში“: „ქართვლის სამკვიდროვ, ქვეყნის თვალად დაბადებულო, // რამდენს ვაებას შენსა თავზედ გადაუვლია!.. // ჯვარცმულის ღვთისთვის თვით ჯვარცმულო და წამებულო, // ეკლიანს გზაზედ შენებრ სხვასა რომელს უვლია? // სხვა რომელია, რომ ათასთ წელთ ბრძოლა მედგარი, გამოევლოს და სრულიად მტვრად არ აღგვილიყოს? // შენ ხარ, მარტო შენ!.. მაგალითი სხვა არსად არი, რომ სხვა ქვეყანას, სხვასა ერსა ეგ შესძლებიყოს“.


ამრიგად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეროვნული საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, ხოლო ქართულ პოლიტიკაში რაიმე კომპრომისი არ ჩანს და მოსალოდნელიც არ არის, ზაფხული პოლიტიკურად ხანგრძლივი და ცხელი იქნება. ყველაზე მეტად რაც არ ჭირდება სამხრეთ კავკასიას და შავი ზღვის რეგიონს, ეს არის არასტაბილურობის გაღრმავება. და თუ დღეს პოლიტიკოსები თვალს არ ადევნებენ საქართველოს, მათ ყურადღების მიქცევა უკვე უნდა დაიწყონ.


წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ