საქართველოს ათწლეულების მანძილზე და ისტორიულადაც არასდროს არ უღალატია იმ ღირებულებებისთვის, მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის და პარტნიორობისთვის, რომელიც გაგვიცხადებია ჩვენი მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
წილოსანმა აღნიშნა, რომ მხოლოდ საქართველოს არ სჭირდება რომელიმე დიდ გაერთიანებაში შესვლა.
„რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის მხრიდან იყო მიღებული და ეს იყო „ქართული ოცნების“ ძალისხმევა ასოცირებიდან დაწყებული კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, რომ ჩვენ ამ დიდი ოჯახის წევრი გავმხდარიყავით, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესი, რომ დიდ ძლიერ გუნდში ვიყოთ მოაზრებული. მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ ისტორიულად ვიზიარებთ იმ ღირებულებებს, რომლებითაც ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები საზრდოობენ, ეს დიდწილად გვაახლოებს და განაპირობებს ჩვენს არჩევანს. თუმცა, ასეთივე საჭიროება აქვს ევროკავშირს საქართველოსი, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელთანაც გაცხადებული პარტნიორობა გვაქვს იმიტომ, რომ საქართველოს ათწლეულების მანძილზე და ისტორიულადაც არასდროს არ უღალატია იმ ღირებულებებისთვის, მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის და პარტნიორობისთვის, რომელიც გაგვიცხადებია ჩვენი მხრიდან. ნატოს წვრთნები იქნება თუ ნატოს მიმართულებით ჩადებული კონტრიბუცია, თითოეული ჩვენი ჯარისკაცის სიცოცხლის თუ ჯანმრთელობის ფასად, გაგრძელებული იმ რეფორმებით, რომლებიც ქვეყანაში განხორციელდა სწორედ იმისთვის, რომ ამ ერთიანი სივრცის ნაწილი გავმხდარიყავით, ჩვენ ჩვენი პარტნიორები არასდროს დაგვიღალატებია“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
ნინო წილოსანმა ასევე, განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩო საელჩო დიპლომატიური კორექტულობის ფარგლებში მოქმედებს და ამისთვის მან საელჩოს მადლობა გადაუხადა. მისივე შეფასებით, საელჩოს განცხადებაში, რომელიც იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადების ციტირება, და სხვა საჯაროდ გამოთქმულ მოსაზრებებშიც არის სივრცე თანამშრომლობისთვის.
„არის სივრცე, სადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ვითანამშრომლოთ, გარკვეულწილად აღვადგინოთ ეს ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე ჩვენი მხრიდან არის ამის გაცხადებული პოზიცია, რომ მზად ვართ საუბრისთვის, დიალოგისთვის, ამ ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის. მათ შორის, ასევე პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო შეთავაზებული კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ძალიან პოზიტიურად აღიქმებოდა იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე აქვს თავისი შედეგები მისაღები თავისი პარტნიორი ქვეყნისგან“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.