თუ საქართველოს პრეზიდენტმა, პუტინის გადაწყვეტილება პროვოკაციად შეაფასა, მაშინ მოვუწოდებ მასაც და ყველას, რომ პროვოკაციას არ ავყვეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოსთან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი გაუქმებულია. „ეს სანქცია საქართველოს მოსახლეობას რუსეთმა დაუწესა (საქართველო აქ არაფერ შუაშია) და მანვე მოხსნა. კონკრეტულად, ჩვენი მოქალაქეების დიდი რაოდენობა, ვისაც უწევს კომუნიკაცია, იქ ცხოვრობენ, ნათესავები ჰყავთ, ეს მისვლა-მოსვლა მაინც იყო და ეს მათთვის იყო ძალიან დიდი ტვირთი, დამატებითი ხარჯები, წვალება და ეს ერთგვარად კონკრეტულ ადამიანებს ეხსნებათ. რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს, საქართველოს არავისთვის უთხოვია ამ მიმართულებით რაიმე შეღავათის მოცემა – ეს მათი გადაწყვეტილებაა. მეორე – თუ ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთი არის ის სახელმწიფო, რომელსაც პროვოკაციის მოწყობა და ნებისმიერ მომენტში აგრესიის გამოხატვა შეუძლია, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ არ გადავდგათ ჩვენც იგივე ნაბიჯები, რომელიც მის ამ პროვოკაციას ან სხვა ტიპის ესკალაციას და აგრესიას შესაძლებელს ხდის“, აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ.