“საქართველოს ადგილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების გვერდით არის” – უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი

128
spot_img

საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროკავშირის წევრი ქვეყნების გვერდით არის, ხმამაღლა ვამბობდით და გავაგრძელებთ საუბარს, როდესაც საშუალება იქნება და საჭირო იქნება, ქმედებითაც გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას, – ამის შესახებ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ლასლო კოვერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და შალვა პაპუაშვილს საქართველოში მოწვევისთვის და გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ლასლო კოვერმა განაცხადა, ევროინსტიტუტებმა სასწრაფოდ უნდა გამოასწორონ ის შეცდომა, როდესაც როდესაც საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი და მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას.

„მეორედ ვარ ჩამოსული საქართველოში. პირველი ეს იყო 2011 წელს. საკუთარი თვალით ვხედავ იმ უდიდეს პროგრესს, რასაც ქვეყანამ მიაღწია ბოლო 10 წლის განმავლობაში ეკონომიკის და ცხოვრების სხვა ასპექტების მხრივ. ეს წინსვლა უდავოა.

რაც შეეხება თქვენს დაახლოებას ევროკავშირთან, მიგვაჩნია, რომ ევროინსტიტუტებმა სასწრაფოდ უნდა აღადგინონ ის დაკარგული დრო და გამოასწორონ ის შეცდომა, რაც იყო ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილებაში, როდესაც საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი და მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას. საქართველო უბრალოდ კი არ იმსახურებს სტატუსს, ყველა გაგებით საქართველო არის ქრისტიანული ევროპის ნაწილი. ეს არის მეორე უძველესი ქვეყანა ქრისტიანულ ევროპაში. ქრისტიანობა არის საფუძველი ზოგადად ევროპის.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო არ არის ბოლო რიგებში, ის არის პირველ, ან მეორე ადგილზე საკანონმდებლო ჰარმონიზაციის მხრივ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამიტომ, საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროკავშირის წევრი ქვეყნების გვერდით არის. ხმამაღლა ვამბობდით და გავაგრძელებთ ამაზე საუბარს, როცა საშუალება იქნება და როდესაც საჭირო იქნება, ქმედებითაც გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას“, – აღნიშნა ლასლო კოვერმა.

ამასთან, მისივე თქმით, მომავალი წლის მეორე ნახევარში უნგრეთი იქნება ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და დარწმუნებული არიან, რომ საქართველოს კიდევ მეტი პროგრესი ექნება ევროინტეგრაციის გზაზე.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ამ გზაზე და არამხოლოდ ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს განაცხადს, არამედ ნატო-ზეც. ვფიქრობთ, დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს უსაფრთხოების გარანტია და ნატო ამ რეგონში უსაფრთხოების გარანტიის ერთადერთი საშუალებაა. მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და სტრატეგიული მოთმინებითა და დიპლომატიით ვახდენთ ფორმირებას იმ პოლიტიკის, იმ კომპრომისებსაც, როგორც უდგება საქართველოს მთავრობა ამ სიტუაციას. ეს იქნება შესანიშნავი ინსტრუმენტი, რათა შეთანხმებას მივაღწიოთ რუსეთთანაც და საერთაშორისო თანამეგობრობასთანაც და მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ მოველით, რომ მალე იქნება საქართველო-უნგრეთის ერთობლივი სამთავრობო შეხვედრა. ეს არის ერთ-ერთი მხარდაჭერა პარლამენტის მხრიდან, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მთავრობებს, სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით. გისურვებთ წარმატებას ერთობლივ სამთავრობო შეხვედრაზე და მსურს, დავარწმუნო საქართველოს მთავრობის წევრები, რომ უნგრეთში პოლიტიკური ვითარება საკმაოდ ტურბულენტურია, მსგავსია, როგორც საქართველოში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ კონტაქტები, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ეს აგრეთვე საპარლამენტო განზომილებაშიც გამოიხატება. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ ყველა სფეროში, სადაც საჭირო იქნება, თქვენს ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ლასლო კოვერმა.