საქართველომ ჰააგაში მხარი დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნასა და რუსულ აქტივებს ეხება

15
spot_img

ჰააგაში გამართულ კონფერენციაზე მიიღეს დოკუმენტი, სახელწოდებით „სამართლიანობის აღდგენა უკრაინაში“, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნასა და გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ეხება.

დეკლარაციას ხელი მოაწერა 44 ქვეყნის წარმომადგენელმა, მათ შორის საქართველომ. ხელმომწერები გმობენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და მას საერთაშორისო წესრიგის დარღვევად მიიჩნევენ.

დეკლარაციის მხარდამჭერი ქვეყნები საერთო ძალისხმევის გაძლიერების ინიციატივით გამოდიან, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებული ომის პერიოდში გამოვლენილი საერთაშორისო სამართლის ყველა დარღვევა სათანადოდ იყოს გამოძიებული და შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

ხელმომწერები მზად არიან, იმუშაონ სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე, რათა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი აგოს, მათ შორის საუბარია რუსეთის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დასჯაზეც.

დეკლარაციაში ასევე საუბარია უკრაინისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციაზე.