ბრიტანული ტელეარხის „სქაი ნიუსის“ (Sky News) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია რეპორტაჟი თბილისიდან სათაურით „საქართველო – ქვეყანა, რომელიც არეულობით არის მოცული და სადაც ორი სამყარო ერთმანეთის მეტოქეა“ (ავტორი – ადამ პარსონსი)
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
თბილისში ყოფნით მძიმე შთაბეჭდილება მრჩება. შესაძლოა ამის მიზეზია იმ ასობით პოლიციელის ნახვა, რომლებიც ჯგუფად არიან შეკრებილნი და რაღაცას ელოდებიან… ან კიდევ წვიმიანი ამინდი მოქუფრული ღრუბლებით… მაგრამ უფრო მეტად, ეს იყო შეგრძნება, რომ ქალაქი და მთლიანად მოსახლეობა თავს არაკომფორტულად მიიჩნევს. საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვე გავიდა, მაგრამ აღშფოთება გრძელდება. საქართველო ქვეყანაა, რომელიც არეულობით არის მოცული. საქართველოში ორი ხედვა, ორი პოზიცია, ორი „სამყარო“ ერთმანეთს ებრძვის.
მართალია, „ქართული ოცნება“ გამარჯვებულ პარტიად გამოცხადდა, მაგრამ ეს გამარჯვება ამომრჩეველთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაგმო – უკანონოდ, არალეგიტიმურად ჩათვალა. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი ხმები დაიკარგა და ახლა, მათი აზრით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში კორუფციონერები, თაღლითები და თვითმარქვიები სხედან. საბჭოური ეპოქის არქტიქტურით აგებულ სამთავრობო შენობაში „ქართული ოცნების“ დეპუტატები პირველ სხდომაზე პარტიის დამაარსებელთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ მსოფლიოსაგან განსხვავებით, საქართველოში საქმე ნორმალურად მიდის.
ოპოზიციის აზრით კი, რომელიც იმავე შენობასთან საპროტესტო აქციებს მართავს, არჩევნები ფიქტიურია, მთავრობა უკანონო, ახალი პარლამენტი კი არაკონსტიტუციური. ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად ათასობით მომიტინგე დგას, რომლებიც აცხადებენ, რომ არჩევნების ნამდვილი შედეგები მოპარულია, გაყალბებულია, შეცვლილია და ამ ყველაფრის ცენტრში ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელსაც მხარს რუსეთი უჭერს. ზოგიერთების მტკიცებით, საქართველოში პრორუსული სახელმწიფო გადატრიალება მოხდა.
იმ დროს, როცა ერთ-ერთი მომიტინგის მიერ ნასროლი პეტარდა პარლამენტის რკინის მესრის მიღმა გადავარდა, მოულოდნელად ერთ-ერთს ახალგაზრდას შევეჯახე – სახელად ლუკას, რომელმაც პარიზში სამუშაო მიატოვა და სამშობლოში სიმართლისათვის ბრძოლის მიზნით დაბრუნდა. იგი ჰყვება, რომ ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო – იგი სცემეს და ციხეში ჩააგდეს. ლუკა აქციებში მონაწილეობას არ ნანობს და რისხვას არ მალავს.
„ეს რეჟიმი დიქტატურაა“ – ამბობს იგი, – ისინი პატივს არ სცემენ ადამანთა სიცოცხლეს. ყურადრებას არ აქცევენ ადამიანურ წესიერებას. ისინი მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებაზე და ფულის მოხვეჭაზე ფიქრობენ… რუსეთის ზეწოლა უფრო ძლიერია, ვიდრე ველოდებოდით. ეს უნდა გახდეს სიგნალი ევროპისათვის“.
ლუკა ამაყობს იმით, რომ საპროტესრო აქციები მშვიდობიანად მიმდინარეობს, თუმცა იმედგაცრუებულიც არის, რომ მათი ბრძოლა ჯერ-ჯერობით უშედეგოა: „ალბათ, გარკვეულ მომენტში ჩვენ ფიზიკური ზეწოლითაც ვისარგებლებთ“.
პარლამენტის შენობის წინ მოწყობილია სცენა და უამრავი ხმამაღლა მოლაპარაკეა (რეპროდუქტორებია) დადგმული.
გიორგი ვაშაძე, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მეტად ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიც ოპოზიციური მოძრაობა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთაგანია, აუდიტორიას მოუწოდებს, რომ მაღალი სულისკვეთება და ნებისყოფა შეინარჩუნონ და რომ საბოლოოდ ოპოზიცია გაიმარჯვებს.
გიორგი ვაშაძე სცენაზე ხმამაღლა და შეუპოვრად ლაპარაკობს, მაგრამ როცა მას ვესაუბრები, მშვიდად და ჩაფიქრებული მელაპარაკება. ზოგჯერ კი თვალები აენთება ხოლმე, განსაკუთრებით არჩევნებთან დაკავშირებით:
„ეს არის გადატრიალება, რაც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ქართველი ხალხის ნებას. ეს არის რუსეთის სპეცოპერაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს. „ოცნება თავის თავს ხელისუფლებას და მთავრობად მიიჩნევს, მაგრამ დღეიდან ჩვენ მას მთავრობად აღარ ვთვლით. ჩვენ აქ, პარლამენტის წინ, რუსეთის ინტერესებს ვებრძვით. აი, ამიტომ გვჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა“, – ამბობს გიორგი ვაშაძე. იგი ჩერდება და თვალებში მიყურებს. ალბათ, მაგრძნობინებს, რომ მისი პოზიცია დასავლელმა პოლიტიკოსებმა ჩვენი საუბრის მეშვეობით უნდა შეიტყონ.
ვეკითხები, რის მიღწევა სურს დასავლეთისაგან.
„სანქციების დაწესება, იმ პირების პასუხისმგებლობაში მიცემა, რომლებიც თავიანთი მოქმედებით კონსტიტუციას და კანონებს არღვევენ…“, ამბობს გიორგი ვაშაძე. მისი პასუხი მოწოდებაა [დასავლეთისათვის], რაც უნდა გაკეთდეს.
ხალხი, რომელიც თავსხმა წვიმაში დგას, თავს მოტყუებულად გრძნობს არჩევნების შედეგად. ისინი იმასაც გრძნობენ, რომ მათ დასავლეთი ვერ ამჩნევს. ისინი დახმარებას ითხოვენ, რადგან მომავლის ეშინიათ. ასეთ სიტუაციაში ძნელია ოპტიმიზმის შენარჩუნება.
შენიშვნა: საქართველოში შექმნილი სიტუაცია მიმოხილულია აგრეთვე გერმანულ პრესაშიც: მაგალითად, გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საპროტესტო აქციები საქართველოში: პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახალი პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია“ (ავტორი – რეინჰარდ ვეზერი) და „ფრანკფურტერ რუნდშაუში“ (Frankfurter Rundschau) – სათაურით „სადაო არჩევნები საქართველოში: პრორუსულმა მმართველმა პარტიამ ახალი პარლამენტის სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩაატარა“ (ავტორი – პაულა ფელკნერი).