პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს

12
spot_img

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. როგორც დიღმის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ გიგაურის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედება მხოლოდ თავდაცვით იყო განპირობებული და მისი მხრიდან პოლიციელზე თავდასხმას ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, ადვოკატის თქმით, სამართალდამცავებმა დაკავების შემდეგაც და მანამდეც გიგაურზე ფიზიკურად თავად იძალადეს, რის შედეგადაც მან დაზიანებები მიიღო.

„ბრალის შესახებ დადგენილებიდან იმას ვარკვევთ, რომ პოლიციელი, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე ძალადობდა, დაზარალებულადაა გამოყვანილი. ხაზგასმით აღვნიშნავ, ის ქმედება, რაც ანატოლიმ განახორციელა, პოლიციელის მოქმედების საპასუხო იყო. მას შემდეგ, რაც პოლიციელმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სახის მიდამოში, დედის მისამართით შეაგინა და კვლავ დააპირა ძალადობა, ამის პასუხი იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მოქმედება, რომელმაც ხელი მხოლოდ ხელის კვრის მიზნით გამოიყენა, ანუ ფაქტობრივად, თავდაცვის მიზნით, მისი მიზანი, განზრახვა არ ყოფილა ძალადობა პოლიციელის მიმართ. ეს მხოლოდ ინსტინქტური მოქმედება იყო თავის დასაცავად. პოლიციელმა, რომელმაც ანატოლი გიგაურზე იძალადა, დაზარალებულადაა გამოყვანილი.

ადგილზე არ დაუკავებიათ, არც მიმალულა, რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა რუსთაველის ტერიტორიაზე, მაგრამ მაშინ, როცა დასავლეთის მიმართულებით გაემართა, სახლისკენ მიმავალ გზაზე, მისი ავტომანქანა რამდენიმე ეკიპაჟისგან შემდგარმა პოლიციამ გააჩერ., ის თავისი ნებით ჩაჯდა საპატრულო მანქანაში, ამ დროს მასთან საგამოძიებო ორგანოს რამდენიმე თანამშრომელი მივიდა და დაკავების პროცედურა დაიწყო. ხელბორკილის დადების შემდეგ, მანქანაში ჩასმამდე, საპატრულო მანქანიდან 3-4 მეტრში, რამდენიმე პოლიციელი მას ფიზიკურად გაუსწორდა. სწორედ აღნიშნულის შედეგად განუვითარდა მარცხენა თვალბუდის არეში სისხლნაჟღენთები, ესკორაციები, რაც ხილულადაც აღენიშნება. ჩვენ გუშინდლიდან მოყოლებული, ცალკეულ პოლიციელთა მიმართ გამოძიების დაწყებას ვითხოვდით უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით. სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან გამომძიებელი იყო, რამდენიმე საათიანი გასაუბრების შემდეგ, გუშინვე გადაწყდა, რომ გამოძიება დაწყებულიყო, ასევე დამატებით ვითხოვთ, გიგაურს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდეს, რათა დაზიანების ხარისხი დადგინდეს.

ამასთან, გუშინ, მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელიც ყოფილა შესული”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს