საქართველო მშპ-სთან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შეფარდებით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა

59
spot_img

მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საუკეთესო მაჩვენებლების მქონე მსოფლიოს 76 ქვეყანას შორის საქართველო ტოპ ხუთეულშია. ინფორმაციას ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

შესაბამის რეიტინგს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმედია ჰოლდინგის, Financial Times-ის ჯგუფის წევრი fDi Intelligence, Greenfield FDI Performance index-ში აქვეყნებს.

ამასთან, წლევანდელ რეიტინგში საქართველომ პოზიციები 20 ადგილით გაიუმჯობესა.

ინდექსის თანახმად, 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით, საქართველომ პროექტების რაოდენობით რეკორდული ზრდა დააფიქსირა და არსებული მაჩვენებელი გააოთხმაგა.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2022 წელს რეკორდულად მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიზიდა, რამაც 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Greenfield FDI Performance index-ში კოსტა რიკა ლიდერობს, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სერბეთის მოსდევს. ინდექსში საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პორტუგალია, ლიეტუვა და სინგაპური.