რა პრობლემას ქმნის საქართველო საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით – Voice of America

87
spot_img

აშშ-ის სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი პუბლიკაცია სათაურით „რა პრობლემას ქმნის საქართველო საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით?“, რომელშიც საქართველო-რუსეთის ეკონომიკური კონტაქტების როლი და მნიშვნელობაა განხილული, დასავლეთის სანქციების ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„ზემო ლარსზე“ ამჟამად ხორციელდება ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა, რომელიც ჩვენ ევროპის ქვეყნებმა მოგვიწყვეს“ – რუსეთის ფედერალური სამსახურის უფროსის რუსლან დავიდოვის ამ სკანდალური განცხადებიდან ერთი კვირის თავზე, საქართველოს დედაქალაქს სანქციების საკითხებში აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სპეცწარმომადგენლები სტუმრობენ.

ჯიმ ო’ბრაიენი, დევიდ ო’სალივანი და კუმარ აერი თბილისში, სახელმწიფო კანცელარიაში უკვე შეხვდნენ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს. მოგვიანებით, ტრიომ აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ელჩებთან ერთად, ქართველ ბიზნესმენებთან დახურულ შეხვედრაზე განიხილა, რა პრობლემებს უქმნის ან შეუქმნის კერძო სექტორს და საქართველოს ეკონომიკას საერთაშორისო სანქციების აღსრულება?

„სანქციებთან სრულად მიერთებას საქართველოს არავინ სთხოვს, არსებობს გარკვეული სანქციები, რომელზეც ქვეყანა მიერთებულია და არის ისეთი სანქციები, რომელსაც შეუძლია მიუერთდეს და ეს საქართველოს არ დააზიანებს. ამაზეა საუბარი და არა მთლიანად ემბარგოზე და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვაზე რუსეთთან“, – უთხრა „ამერიკის ხმას“ ექსპერტმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში გიორგი ბილანიშვილმა. მისი თქმით, კითხვები საქართველოს მიმართ არსებობს იმის გამო, რომ მთავრობამ უკრაინის ომისა და სანქციების ფონზე, მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან.

„რუსეთიდან გაზრდილია იმპორტი ძალიან მნიშვნელოვნად, მათ შორის ნავთობპროდუქტების იმპორტი. გაზრდილია რუსეთში ექსპორტიც და გაზრდილია ექსპორტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში – ყაზახეთსა და სომხეთში. საფრთხე რაში მდგომარეობს? ჩვენ წარმოება არ გაგვიზრდია იმდენად, რომ საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი იყოს გაზრდილი, იგივე რუსეთის ფედერაციაში, ყაზახეთში ან სომხეთში. ანუ ხდება რეექსპორტი. შესაბამისად ხდება ისეთი პროდუქციის რეექსპორტი, რომლის დეფიციტიც გაჩნდა რუსეთში, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე. მათ შორის, შეიძლება იყოს, ისეთი პროდუქცია, რომელსაც ან ორმაგი დანიშნულება აქვს, ან მოქცეულია სანქციების ქვეშ. ეს ზრდის ე.წ მეორადი სანქციების რისკს“ – მიაჩნია გიორგი ბილანიშვილს.

საქართველო მთავრობა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის დღიდან კატეგორიულად უარყოფს, რომ თბილისი მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. “ქართული ოცნების” ხელისუფლება პრინციპულად არ უერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სავაჭრო-ეკონომიკურ სანქციებს, თუმცა „ორმაგი დანიშბულების“ ან სანქცირებული ტვირთის რუსეთში ექსპორტს და რეექსპორტს კატეგორიულად გამორიცხავს.

„ქვეყანა მაქსიმალურად თანხვედრაშია საერთაშორისო-ფინანსურ სანქციებთან, რომელიც დაწესებული იქნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან“ – განაცხადა ობრაიენთან, ოსალივანთან და აერთან შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. მისი თქმით, „მას შემდეგ, რაც ჩვენს რეგიონში დაიწყო, საომარი კონფლიქტი, არცერთი ფაქტი დაფიქსირებულა რომ რომელიმე ქვეყნის მიმართულებით მომხდარიყოს სანქცირებული პროდუქციის ექსპორტი“.

„ომის დაწყების დღიდან მოყოლებული, ჩვენ ვითხოვთ, თუნდაც ერთ მტკიცებულებას, რომელიც ამას დაადასტურებდა, რომ საქართველო შესაძლოა სანქციების თავის არიდების ადგილად იქნას გამოყენებული. ასეთი მტკიცებულება ჯერ არ მიგვიღია“ – ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი მამუკა მდინარაძე.

იმავეს აცხადებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიც – „ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, რომელიც ხორციელდება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ და საქონელი მიემართება რუსეთის ან ბელარუსის დანიშნულებით, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს, მოწმდება ყველა მსგავსი ოპერაცია და კომპანიის ან პროდუქციის სანქციების სიაში არსებობის შემთხვევაში არ ეძლევა ოპერაციის განხორციელების უფლება“.

„სანქციების აღსრულების ნაწილში აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ამერიკულ მხარესთან, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და შევთანხმდით, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“ – ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, სანქციების საკითხებში სპეცწამომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მეორე მხრივ, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ, ოკუპანტმა მოსკოვმა სწორედ საქართველოსთან აღადგინა საჰაერო მიმოსვლა, გააუქმა სავიზო რეჟიმი და გააორმაგა ვაჭრობა.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის პროგნოზით, „ზემო ლარსი – ყაზბეგის“ საბაჟო პუნქტზე 2023 წელს ტვირთბრუნვა – 15 მილიონ ტონას გადააჭარბებს. „ეს ევროპის ქვეყნების მიერ მოწყობილი ეკონომიკური ბლოკადის გარღვევაა“ – მიაჩნიათ რუსეთში.

ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის მიმართულებით ვაჭრობის გაორმაგებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების სასიცოცხლო ინტერესებს, სტრატეგიულ შეცდომას უწოდებს „საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის“ უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე.

„სტრატეგიულ პარტნიორებთან ქიშპი, საბოლოო ჯამში ასუსტებს საქართველოს, რაც მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია. ეს ერთი ქვეყანა რუსეთის ფედერაციაა, რომელსაც არ სჭირდება საქართველოში სტაბილურობა, რომელსაც სჭირდება აქ პოლარიზაცია, სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები და გახლეჩილი საზოგადოება.

„ქართული ოცნება“ იმდენ შეცდომას უშვებს ყოველდღიურად და იმდენად იზრდება ამ შეცდომების სიმძიმის ხარისხი, რომ ხვალ, თუ რაიმე სანქციამ გაიჟღერა, „ოცნება“ ამას პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა „უმადლოდეს“ – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ თენგიზ ფხალაძე.

დასავლეთის წარმომადგენლების დელეგაცია საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს 28 ივნისს შეაჯამებს და გასცემს პასუხს მთავარ შეკითხვას, რა პრობლემას ქმნის საქართველო, რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით?

წყარო