“საქართველო მოლაპარაკებების მაგიდას სთავაზობს აზერბაიჯანსა და სომხეთს” – არჩილ თალაკვაძე

77
spot_img

საქართველო მოლაპარაკებების მაგიდას სთავაზობს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანს და სომხეთს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი ნდობაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვან სამუშაო ვიზიტს უმასპინძლა. პირდაპირი განცხადებები გაკეთდა, სადაც ჩანს, რომ საქართველო აზერბაიჯანისთვის ისევე, როგორც რეგიონისთვის არის საიმედო პარტნიორი. საქართველო მოლაპარაკებების მაგიდას სთავაზობს მეზობელ ქვეყნებს აზერბაიჯანს და სომხეთს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი ნდობაა და საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში. რეგიონში ჩვენი მიზანი და როლია სწორედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველყოფა და საქართველო ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გუშინ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები, ჩვენი შემდგომი განვითარება, ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური“. ამასთან, ერთობლივი განცხადებების დროს, ილჰამ ალიევმა აღნიშნა: „დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე. იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ და შევქმნით პოლიტიკურ გარემოს სამხრეთ კავკასიაში, სადაც წარიმართება სამმხრივი თანამშრომლობა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით“. ალიევმა ასევე განაცხადა: „მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გვთავაზობს ფასილიტატორის როლს, თუ სომხეთის თანხმობა იქნება, მყისიერად დავიწყებთ შეხვედრებს აქ, საქართველოში“.