“საქართველო მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს ევროპას რუსეთისგან თავის უკეთ დასაცავად” – პრეზიდენტი

87
spot_img

საქართველო მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს ევროპას რუსეთისგან თავის უკეთ დასაცავად , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა ქვეყანას წითელი ხაზის მიღმა დატოვებდა, რაც უმიზეზო წახალისება და საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის.

„ეს პროექტი არის ერთადერთი პერსპექტივა, უსაფრთხოების პერსპექტივა, პერსპექტივა იმისა, რომ ქვეყანა ამ ევროპული ერთიანობის, დემოკრატიის ნაწილი იყოს, რის გარეშეც საქართველომ იცის, რომ ის მარტო რჩება რუსეთის წინაშე.

ვფიქრობ, რომ დღეს დემოკრატიისა და ევროპასთან ღირებულებების გაზიარების გარდა, სიღრმისეული მოტივაციაა იმის ცოდნა, რომ საქართველო არ შეიძლება დარჩეს მარტო, იზოლირებული ამ უფრო და უფრო ტურბულენტურ მსოფლიოში და რომელშიც რუსეთმა აჩვენა და ისევ და ისევ ყოველდღიურად უკრაინაში აჩვენებს, თუ რაოდენ იმპერიალისტურია ის. საქართველო მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს ევროპას რუსეთისგან თავის უკეთ დასაცავად.

მე არ დავასახელებ ქვეყნებს, სადაც რეკომენდაციები სრულად არ შესრულებულა, მაგრამ ვფიქრობ, ბრიუსელი აცნობიერებს, რომ ერთი მხრივ, არის იმ პროგრესის შეფასება, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო საქართველოში, და ასევე არის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც ასევე გასათვალისწინებელია.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა (რაც 27 ქვეყნის მიერ დეკემბერში გადაწყდება) საქართველოს წითელი ხაზის მიღმა დატოვებდა, ნაცრისფერ ზონაში, რაც ძალიან საშიში იქნებოდა რეგიონის სტაბილურობისთვის, შავი ზღვის სტაბილურობისთვის და უმიზეზო წახალისება, საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის.

ქართველებისთვის ეს უდიდესი იმედგაცრუება იქნებოდა, რადგან მათ აქვთ განცდა, რომ იმსახურებენ ევროპაში შესვლას მათი წარსულის, ღირებულებების, 30 წლიანი განვლილი გზის გამო. იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართველებს მუდმივად სურდათ ევროპა და აცხადებდნენ ამას ოკუპაციის, 2008 წლის ომის, რუსეთის მხრიდან მრავალი ზეწოლის მიუხედავად. გუშინ წინ, ამ შესანიშნავი ამბის გამოქვეყნების წინა დღეს, ჩვენ ვგლოვობდით, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ზონაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს რუსული ტყვიით და მეორე მოქალაქე გაიტაცეს. საერთაშორისო მსოფლიოსთვის ეს ჩვეული რამაა, ჩვენ მუდმივად ამ რეჟიმში ვცხოვრობთ და მიუხედავად ამისა, საქართველო ბანაკს არ იცვლის და ევროპისკენ იყურება, რადგან ვიცით, რომ ეს ჩვენი ერთადერთი მომავალია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია და კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად საქართველომ ვერ მიიღო – გარკვეული იმედგაცრუება იყო.

„ეს დაშორება გასულ წელს დაიწყო, როდესაც ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. იყო გარკვეული იმედგაცრუება, მაგრამ ყველამ იცის და აღიარებს, რომ იქ არ ვიქნებოდით, სადაც ვართ, რომ არ ყოფილიყო უკრაინა, უკრაინელების ბრძოლა და გარკვეულწილად ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩვენ არამარტო ვიღებთ. გუშინ საღამოს მე დავურეკე პრეზიდენტ ზელენსკის და მაია სანდუს, რათა მიმელოცა ორივესთვის და მადლობა გადამეხადა პრეზიდენტ ზელენსკისთვის, რომ მან გარკვეულწილად დააჩქარა ეს პროცესი, მისი ნებისგან დამოუკიდებლად, რუსეთის აგრესიის შედეგად. საკუთარი, ჩვენი და ევროპის თავისუფლებისთვის მათმა ბრძოლისუნარიანობამ გამოიწვია ის, რომ ვართ იქ, სადაც ვართ უფრო ადრე, ვიდრე ეს ევროპული კალენდრით იყო გათვალისწინებული. მან დააჩქარა ევროპული კალენდარი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.