საქართველო გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშე – ავთანდილ წულაძე

36
spot_img

საქართველო გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშე

ამ დღეებში დასრულდა საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერების შეხვედრა, რომელიც ეძღვნებოდა უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთთან დაპირისპირებას. „სამმა მუშკეტერმა“ – მაკრონმა, შოლცმა და ტუსკმა – ხელები ჩაჭიდეს ერთმანეთს და განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ რუსეთის უკრაინასთან ომის მოგებას.
ამ შეხვედრას წინ უძღოდა უთანხმოება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის, რაც გამოწვეული იყო საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებით ევროპის ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტის შესაძლებლობაზე. შოლცმა უარყო უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნის იდეა, მაკრონი კი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ეს უნდა გაკეთდეს საჭიროების შემთხვევაში.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს ორი წამყვანი ევროპული სახელმწიფოს პოზიციების შეჯერება მოუწია. პოლონეთს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში. ეს ქვეყანა მოიცავს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და რუსეთს შორის კონფლიქტის შემთხვევაში.

გარდა ამისა, პოლონეთი არის შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირე ევროპაში. აშშ-ს ფსონი პოლონეთზე განპირობებულია იმით, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯიმი კარტერის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში იყო ეროვნებით პოლონელი, ზბიგნევ ბჟეზინსკი.
გადადგომის შემდეგაც კი, ბჟეზინსკი რჩებოდა შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ანალიტიკოსად. სწორედ მას გაუჩნდა იდეა ევროპაში ამერიკული ინტერესების რეალიზებისთვის პოლონეთზე დაყრდნობა. ეს იდეა განხორციელდა და დღეს პოლონეთი შეერთებული შტატების მოკავშირეა ევროპულ პოლიტიკაში.

მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის წინა დღეებში აშშ-ს პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია. აშშ-ისა და პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურების სამიტის შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ ევროპული უსაფრთხოების სისტემაზე ისაუბრეს. ამგვარად, ტუსკს საშუალება ჰქონდა მაკრონს და შოლცს ამ საკითხთან დაკავშირებით თეთრი სახლის პოზიცია ეცნობებინა.
„სამი მუშკეტერის“ მიერ რუსეთთან დაპირისპირების შესახებ განცხადება ევროპულ პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისია.

რუსეთსა და ევროპას შორის, ფაქტობრივად, დაიწყო „ცივი ომი – 2“. პირველი ცივი ომი 45 წელი გაგრძელდა. „ცივი ომის“ ახალი ვერსია ასევე გაგრძელდება ათწლეულების განმავლობაში.

ევროკავშირის მილიტარიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ევროპის წამყვანი ქვეყნების სამხედრო ინდუსტრია იღებს დიდ შეკვეთებს იარაღის წარმოებისთვის და ავითარებს ახალ საწარმოო ობიექტებს. გაიზრდება თავდაცვის ხარჯები, რაც აუცილებლად გამოიწვევს სოციალური ხარჯების შემცირებას. ევროპის ენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურა აგრეთვე იცვლება. რუსული ენერგორესურსები სხვა ალტერნატივებით იცვლება.

ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი აუცილებლად გამოიწვევს საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას.

ევროკავშირში გაწევრიანება არის ოცნება, რომელიც აერთიანებს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას. მრავალი წელია, ჩვენ ველოდებით ევროპული ქვეყნების ოჯახში მიღებას. მაგრამ ევროპა, რომლის შეერთებაზეც საქართველო ოცნებობდა, უკვე აღარ არსებობს. ღია, პაციფისტური ევროპა, რომელშიც მოქალაქეთა სოციალური უზრუნველყოფა იყო პრიორიტეტი, ადგილს უთმობს მილიტარიზებულ ევროპას, რომელიც აწარმოებს, მაკრონის თქმით, „ეგზისტენციალურ“ ბრძოლას რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების წინააღმდეგ.

საქართველოსთვის ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის დაბალანსების პოლიტიკის პერიოდი მთავრდება. ევროკავშირსა და რუსეთს შორის „ცივი ომი-2“-ის ვითარებაში და ამ ომის ცხელ ომში გადაყვანის ალბათობის პირობებში, საქართველოს მოუწევს აირჩიოს რომელ სკამზე დაჯდეს.

თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აირჩევს, მას მოუწევს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ინვესტიცია იარაღის წარმოებასა და არმიის მომზადებაში. სამხრეთი კავკასია რუსეთის და დასავლეთის ასპარეზობაში მნიშვნელოვანი რეგიონია.
გარდაუვალი იქნება ცვლილებები ეკონომიკურ პოლიტიკაში.

დღეს რუსეთთან ვაჭრობა ძალიან მომგებიანია ქართული ბიზნესისთვის. საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რუსეთთან ვაჭრობის დამსახურებაა. მაგრამ ევროპასა და რუსეთს შორის „ცივი ომი – 2“-ის ვითარებაში, ეკონომიკურ მოსაზრებებს განაპირობებს გეოპოლიტიკური არჩევანი.

ეს არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის ბედს მომავალი ათწლეულების განმავლობაში.

 

ავთანდილ წულაძე – პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი